Article 6. საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდი და უცხოური საინვესტიციო ფონდი
1. პირს, რომელსაც საქართველოში აქვს რეგისტრაციის ან მართვის ადგილი, ეკრძალება, ამ კანონის შესაბამისად საინვესტიციო ფონდად ავტორიზაციის ან რეგისტრაციის გარეშე განახორციელოს საინვესტიციო ფონდის საქმიანობა.
2. ამ კანონის შესაბამისად, საქართველოში საინვესტიციო ფონდი უნდა დაფუძნდეს, როგორც: ა) ავტორიზებული საინვესტიციო ფონდი (UCITS ან გაუთვითცნობიერებელი ინვესტორების საინვესტიციო ფონდი); ბ) რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდი.
3. ავტორიზებულ საინვესტიციო ფონდს უფლება აქვს, განახორციელოს საჯარო შეთავაზება ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. რეგისტრირებულ საინვესტიციო ფონდს უფლება აქვს, განახორციელოს მხოლოდ კერძო შეთავაზება.
4. რეგისტრირებულ საინვესტიციო ფონდს არ შეიძლება ჰყავდეს 20-ზე მეტი გაუთვითცნობიერებელი ინვესტორი. თუ რეგისტრირებულ საინვესტიციო ფონდში გაუთვითცნობიერებელი ინვესტორების რაოდენობა 20-ს გადააჭარბებს, რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდი ვალდებულია არაუგვიანეს 3 თვის გასვლისა გარდაიქმნას ავტორიზებულ საინვესტიციო ფონდად. გარდაქმნა არ მოითხოვება, თუ გაუთვითცნობიერებელი ინვესტორების რაოდენობის გადაჭარბება გამოწვეული არ არის რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდის ბრალით და იგი 3 თვის ვადაში უზრუნველყოფს გაუთვითცნობიერებელი ინვესტორების რაოდენობის დასაშვებ ზღვრამდე შემცირებას.
