1.ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოს ჰყავს ხელმძღვანელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
2.ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ხელმძღვანელი: ა) აწესრიგებს ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს გამგებლობისთვის მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) გამოსცემს განკარგულებებს შიდაორგანიზაციულ საკითხებზე; გ) თვალყურს ადევნებს ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას, დადგენილი წესით აკონტროლებს ამ ორგანოს თანამშრომელთა საქმიანობას; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს თანამშრომლებს; ე) განკარგავს ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს სახსრებს და აკონტროლებს მათ გამოყენებას; ვ) საქართველოს მთავრობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგენს წინადადებებს ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს გამგებლობისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად; ზ) წარმოადგენს ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მესამე პირებთან ურთიერთობებში; თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3.ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ხელმძღვანელი კანონით დადგენილი წესით აგებს პასუხს ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს საქმიანობისთვის.
4.ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ხელმძღვანელს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე/მოადგილეები. ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ხელმძღვანელის მოადგილეების რაოდენობა და მათი თანამდებობებზე დანიშვნისა და თანამდებობებიდან გათავისუფლების წესები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით. საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1057 – ვებგვერდი, 17.11.2025წ.
