Article 71. კენჭისყრის ჩატარება
1. თითოეული ამომრჩეველი ხმას აძლევს პირადად. დაუშვებელია ხმის სხვის ნაცვლად მიცემა.
2. ხმის მიცემის პროცედურა ტარდება შემდეგი წესისა და თანამიმდევრობის დაცვით: ა) კენჭისყრის ოთახში შესვლისას ამომრჩეველი გადის მარკირების შემოწმების პროცედურას. თუ ამომრჩეველი არ იქნება მარკირებული, მას მიეცემა კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება. კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრი ამომრჩეველს კენჭისყრის ოთახში შეუშვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი მას წარუდგენს საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონულ მოწმობას (ID-ბარათს), საქართველოს მოქალაქის პირადობის მოქმედ არაელექტრონულ (ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის არმქონე) მოწმობას ან საქართველოს მოქალაქის პასპორტს და თუ ამომრჩევლისთვის განკუთვნილ სარეგისტრაციო მაგიდასთან 2-ზე მეტი ამომრჩეველი არ იმყოფება; ბ) კენჭისყრის ოთახში შესული ამომრჩეველი მიდის იმ სარეგისტრაციო მაგიდასთან, რომელსაც მიეკუთვნება ამომრჩეველთა სიაში შეტანილი მისი გვარის პირველი ასო, და ამომრჩეველთა რეგისტრატორ კომისიის წევრ სწარუდგენს საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონულ მოწმობას (ID-ბარათს), საქართველოს მოქალაქის პირადობის მოქმედ არაელექტრონულ (ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის არმქონე) მოწმობას ან საქართველოს მოქალაქის პასპორტს. ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრი ამოწმებს წარდგენილ დოკუმენტში აღნიშნული ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემების ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებთან შესაბამისობას და ამომრჩევლის სახისა და წარდგენილ დოკუმენტსა და ამომრჩეველთა სიაში არსებული ფოტოსურათების ერთმანეთთან შესაბამისობას. შესაბამისობის დადასტურების შემთხვევაში ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრი ახორციელებს ამომრჩევლის მარკირებას და ხელს აწერს ამომრჩეველთა სიის სათანადო გრაფაში, რის შემდეგაც ამომრჩეველი საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) მიღებას ხელმოწერით ადასტურებს. საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) გაცემისას ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრი ხელს აწერს მის (მათ) წინა გვერდზე სათანადო გრაფაში და ბიულეტენს (ბიულეტენებს) სპეციალური ბეჭდით ამოწმებს; გ) საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) დამოწმების შემდეგ ამომრჩეველი შედის ფარული კენჭისყრის კაბინაში და ამ კანონით დადგენილი წესით ავსებს ბიულეტენს (ბიულეტენებს). საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) შევსების შემდეგ ამომრჩეველმა იგი (ისინი) ისე უნდა დაკეცოს, რომ არ ჩანდეს, ვის მისცა ხმა; დ) დაკეცილი საარჩევნო ბიულეტენით (ბიულეტენებით) ამომრჩეველი მიდის განცალკევებით მდგარ მაგიდასთან, საიდანაც დამოუკიდებლად იღებს სპეციალურ კონვერტს და მასში ათავსებს ბიულეტენს (ბიულეტენებს). მხოლოდ ამომრჩეველია უფლებამოსილი, საარჩევნო ბიულეტენი (ბიულეტენები) მოათავსოს სპეციალურ კონვერტში. საარჩევნო კომისიის წევრს უფლება არა აქვს, გახსნას შევსებული საარჩევნო ბიულეტენი (ბიულეტენები) ან სხვაგვარად დაარღვიოს კენჭისყრის ფარულობა; ე) საარჩევნო ყუთთან ერთდროულად ერთზე მეტი ამომრჩევლის მისვლა არ შეიძლება; ვ) საარჩევნო ყუთთან მუდმივად უნდა იმყოფებოდეს საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრი. მას საარჩევნო ყუთში სპეციალური კონვერტის ჩასაგდები ჭრილი დახურული უნდა ჰქონდეს და ის უნდა გახსნას მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ ამომრჩეველს ხელში მხოლოდ ერთი კონვერტი აქვს; ზ) კენჭისყრის დასრულების შემდეგ ილუქება საარჩევნო ყუთში სპეციალური კონვერტის ჩასაგდები ჭრილი.
