1.გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის (ახალი მოხმარებლის ბუნებრივი გაზის ქსელის) მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია გამანაწილებელ ქსელზე მომსახურების მოთხოვნითა და ამ წესების მე-18 მუხლით გათვალისწინებული განაცხადით მიმართოს შესაბამის განაწილების ლიცენზიატს. ამასთან, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მიუთითოს განმცხადებელს განაცხადში ამ წესებთან შეუსაბამო მოთხოვნებისა და უზუსტობების შესახებ.
2.ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთება ხდება მიერთების მსურველის მიერ შესაბამისი განაწილების ლიცენზიატისთვის ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის გადახდის პირობით, ამ წესების მოთხოვნების შესაბამისად.
3.წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, განაცხადის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში დაადგინოს განაცხადის და მასში არსებული მოთხოვნის სრულყოფილება და განმცხადებელს დაუყოვნებლივ აცნობოს პასუხი მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ხოლო ხარვეზის დადგენის შემთხვევაში ასევე განაცხადში მითითებული საშუალებით – წერილობით ან ელექტრონულად. განაცხადის დამტკიცების შემთხვევაში, განმცხადებელს უნდა ეცნობოს ინფორმაცია განაცხადის შესრულების ბოლო ვადის და აღნიშნული ვადის გადაცილების შემთხვევაში კომპენსაციის დარიცხვის ვალდებულების შესახებ, ხოლო ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, უარი უნდა იყოს დასაბუთებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი (მოთხოვნა) მიღებულად ჩაითვლება. განაცხადში ხარვეზის დადგენის შემთხვევაში წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, მომხმარებელს დაუბრუნოს მის მიერ გადახდილი საფასური 10 სამუშაო დღის ვადაში, განაცხადში მითითებულ ანგარიშზე.
4.გამანაწილებელ ქსელზე მიერთებულ ახალ მომხმარებელს არ მოეთხოვება აბონენტად რეგისტრაციის მიზნით სპეციალური განაცხადით მიმართვა და ამ წესების მე-18 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განმეორებით განხორციელება.
5.ამ მუხლის მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ იმ საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებაზე, რომელიც არ არის მიერთებული ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელთან და არ ხდებოდა მისთვის კანონმდებლობით დადგენილი პირობების შესაბამისად ბუნებრივი გაზის მიწოდება.
6.თუ საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მშენებლობის შემთხვევაში ამ ახლად აშენებული ობიექტის ბუნებრივი გაზით მომარაგების მიზნით საჭიროა ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელთან ახალი მომხმარებლის (ახალი მომხმარებლის ქსელის) მიერთება, პირმა (ან პირთა ჯგუფმა), რომელსაც სურს მიუერთდეს ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელს, სათანადო განაცხადით უნდა მიმართოს განაწილების ლიცენზიატს.
7.ეს მუხლი არ ვრცელდება იმ საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფაზე, რომელზეც გაცემულია ტექნიკური პირობა და ხდება (ან ხდებოდა) საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ბუნებრივი გაზით მომარაგება.
8.იმ შემთხვევაში, თუ გამანაწილებელ ქსელზე ხდება ისეთი ახალი მომხმარებლის (მომხმარებლების) მიერთება, რომელზეც ვრცელდება გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური, ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების სამუშაოების შესრულებას უზრუნველყოფს მხოლოდ შესაბამისი განაწილების ლიცენზიატი. ამ შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია უზრუნველყოს ყველა საჭირო სამუშაო და ხარჯი (სრული ტექნოლოგიური ციკლი), მათ შორის, გამანაწილებელი ქსელის გაყვანა, მიერთებისათვის საჭირო საშუალებების შეძენა, მიერთების საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები, მის შესრულებასთან დაკავშირებული თანხმობის ან ნებართვის მოპოვება და აღრიცხვის კვანძის მოწყობა, ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყების ჩათვლით. ახალი მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიაზე ქსელის მოწყობას (შიდა ქსელი) უზრუნველყოფს ახალი მომხმარებელი.
9.გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის (ახალი მომხმარებლის ქსელის) მიერთებისას განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია განაცხადის მიღებისთანავე დაიწყოს მიერთებისათვის სათანადო მოქმედების განხორციელება.
10.თუ საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მშენებლობის ან/და გაზიფიცირების სურვილის შედეგად ადგილი აქვს გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის ან მომხმარებლების (ახალი მომხმარებლის ან მომხმარებლების ქსელის) მიერთების მოთხოვნას, ამ ობიექტის გაზიფიცირება ან/და არსებულ ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საშუალების (მილსადენის) მშენებლობა უნდა განხორციელდეს განაწილების ლიცენზიატსა და მომხმარებელს შორის ურთიერთშეთანხმებით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში მიერთების მსურველი თვითონ უზრუნველყოფს საჭირო საპროექტო და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს (საკუთარი ან სხვა სამშენებლო საწარმოს მეშვეობით).
11.მიუხედავად იმისა, თუ ვის მიერ ხორციელდება ახალი მომხმარებლის ან მომხმარებლების კუთვნილი ობიექტის გაზიფიცირება ან/და არსებული ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საშუალებების მშენებლობა, არსებულ გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მსურველი ვალდებულია განაწილების ლიცენზიატს გადაუხადოს მის მიერ ჩასატარებელი შეჭრა-მონტაჟის სამუშაოებისა და ბუნებრივი გაზის მრიცხველის საფასური (მრიცხველის განაწილების ლიცენზიატისგან შეძენის შემთხვევაში), ამასთან: ა) შეჭრა-მონტაჟის საფასური მოიცავს როგორც ახალი მომხმარებლის (ან მომხმარებლების), ისე მათი გაზმომარაგებისთვის საჭირო ახლად აშენებული მიერთების საშუალების (მილსადენის) გამანაწილებელ ქსელთან მიერთების (შეჭრის), ასევე, აუცილებლობის შემთხვევაში, აღრიცხვის კვანძის მოწყობის, მათ შორის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისათვის საჭირო საშუალებების (მრიცხველის გარდა) შეძენასა და დამონტაჟებას; ბ) განაწილების ლიცენზია ნ ტი ვალდებულია განაწილების ქსელზე მიერთების მსურველს შესთავაზოს სხვადასხვა სახისა და კლასის მრიცხველი (მის მიერ წინასწარ საჯაროდ გამოცხადებული ფასით), ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში მომხმარებელს უფლება აქვს თვითონ მოიძიოს სასურველი მრიცხველი (რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ტექნიკური რეგლამენტითა და სტანდარტით განსაზღვრულ პირობებს) და მიაწოდოს განაწილების ლიცენზია ნ ტს დასამონტაჟებლად. თუ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, აუცილებელია აღნიშნული მრიცხველის დამოწმება, ასეთ შემთხვევაში, მომხმარებლის მიერ მრიცხველის მიწოდებისთანავე, განაწილების ლიცენზია ნ ტი ვალდებულია განახორციელოს ამ წესებში მოცემული მრიცხველის შემოწმებაზე გაწერილი პროცედურები – მრიცხველის ვარგისიანობის დადგენასთან დაკავშირებულ ხარჯებს იხდის მიერთების მსურველი.
12.ობიექტის გაზიფიცირებასა და არსებული ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საპროექტო თუ სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულების პირობებზე შეუთანხმებლობის მიუხედავად, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ტექნიკური პირობა უფასოდ გასცეს განაცხადის მიღებიდან 2 კვირის განმავლობაში, ამ მუხლში მოცემული პირობების შესაბამისად. გაცემული ტექნიკური პირობის ცალმხრივად შეცვლა დაუშვებელია, აღნიშნული შეიძლება განხორციელდეს განმცხადებელსა და განაწილების ლიცენზიატს შორის ურთიერთშეთანხმებით. მიერთების ტექნიკური პირობა სხვა ინფორმაციასთან ერთად უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) გამანაწილებელ ქსელთან მიერთების წერტილს; ბ) ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელიდან მოხმარების დასაშვებ მოცულობასა და წნევას.
13.არსებულ განაწილების ქსელზე მიერთების ტექნიკური პირობის მომზადებისას განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მიერთების წერტილი და ამ მიერთებისათვის საჭირო სხვა მოთხოვნები განსაზღვროს ტექნიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე იმგვარად, რომ განმცხადებლისთვის მისი შესრულება დაკავშირებული იყოს შესაძლო მცირე ხარჯებთან (თუ აღნიშნული სამუშაოების შესრულება ამ წესების შესაბამისად არ წარმოადგენს განაწილების ლიცენზიატის ვალდებულებას).
14.ქსელზე მიერთების ტექნიკური პირობა უნდა შეესაბამებოდეს განაცხადით წარდგენილი ობიექტის (მიერთების შედეგად, სადაც უნდა მოხდეს ბუნებრივი გაზის მოხმარება) სამშენებლო-საპროექტო დოკუმენტაციას. აღნიშნულ დოკუმენტაციაში მიერთების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით სათანადო შესწორებები შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ განმცხადებელსა და განაწილების ლიცენზიატს შორის ურთიერთშეთანხმებით.
15.ახალი მომხმარებლის (ახალი მომხმარებლის ქსელის) ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების განაცხადის განხილვისას განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მიერთების წერტილი განსაზღვროს არსებული ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის შესაბამის საფეხურზე.
16.არსებულ გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის ან მომხმარებელთა (ახალი მომხმარებლის ან მომხმარებლების ობიექტის) გაზიფიცირებისას, მათ შორის, მიერთებისათვის საჭირო საშუალების (მილსადენის) სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, მიერთების მსურველმა უნდა აცნობოს განაწილების ლიცენზიატს აღნიშნულის შესახებ, წარუდგინოს დასკვნა ახლად აშენებული მიერთებისათვის საჭირო საშუალების (მილსადენის) ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობის შესახებ და შეჭრა-მონტაჟის საფასურის გადახდის შემდეგ წერილობით მოითხოვოს განაწილების ლიცენზიატისგან შესაბამისი სამუშაოების დასრულება და ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყება გადახდილი საფასურისთვის განსაზღვრულ ვადაში.
17.გამანაწილებელ ქსელზე შეჭრა-მონტაჟის საფასური განისაზღვრება შემდეგი ოდენობით: ა) (ამოღებულია) ა.ა) მომარაგების დაწყებაზე განაცხადის შეტანიდან სამი დღის ვადაში 100 ლარი; ა.ბ) მომარაგების დაწყებაზე განაცხადის შეტანიდან 15 დღის ვადაში 70 ლარი; ა.გ) მომარაგების დაწყებაზე განაცხადის შეტანიდან 30 დღის ვადაში 40 ლარი. ბ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის (სამი ან სამზე მეტი მომხმარებლის, ასევე, საყოფაცხოვრემო მომხმარებლის გარდა ყველა სხვა შემთხვევაში): ბ.ა) მომარაგების დაწყებაზე განაცხადის შეტანიდან სამი დღის ვადაში 1000 ლარი; ბ.ბ) მომარაგების დაწყებაზე განაცხადის შეტანიდან 15 დღის ვადაში 700 ლარი; ბ.გ) მომარაგების დაწყებაზე განაცხადის შეტანიდან 30 დღის ვადაში 500 ლარი.
18.შეჭრა-მონტაჟის საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს როგორც ახლად აშენებული მიერთების საშუალებების (მილსადენის) არსებულ გამანაწილებელ ქსელთან მიერთების (შეჭრის), ისე თითოეული იმ პირის ქსელთან მიერთების სამუშაოებზეც, რომელთაც სურთ გახდნენ განაწილების ლიცენზიატის აბონენტები. ხოლო, თუ გამანაწილებელ ქსელზე ხდება მხოლოდ ერთი ახალი მომხმარებლის მიერთება, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია შეჭრა-მონტაჟის საფასურის გადახდის შემდეგ განსაზღვრულ ვადაში უზრუნველყოს გამანაწილებელ ქსელზე მიერთება (შეჭრა) და აღრიცხვის კვანძის მოწყობა-მიერთების ღონისძიებები.
19.გადახდილი საფასურის შესაბამისად, არსებულ გამანაწილებელ ქსელთან შეჭრა-მონტაჟის სამუშაოების მოთხოვნილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში, ზედმეტად გადახდილი თანხა უნდა დაუბრუნდეს გადამხდელს ერთი თვის განმავლობაში, მოთხოვნილი სამუშაოების ფაქტობრივად შესრულების პერიოდის მიხედვით.
20.ამ მუხლის პირობების გათვალისწინებით რაიმე ხარჯის ან საფასურის დაკისრება ასევე დაუშვებელია იმ განმცხადებლის მიმართ, რომლის ბუნებრივი გაზით მომარაგებისთვისაც საჭირო არ არის არსებულ გამანაწილებელ ქსელზე მიერთების (მათ შორის, შეჭრის) სამუშაოების ჩატარება და განაწილების ლიცენზიატის მიერ ქსელის ან სხვა მოწყობილობების შეძენა, მშენებლობა, დამონტაჟება.
21.საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მშენებლობის შემთხვევაში, ამ ახლად აშენებული ობიექტის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებისა და ამ მომხმარებლების აბონენტად აყვანის შემდეგ, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ამ მომხმარებლებს (აბონენტებს) მომსახურება გაუწიოს კომისიის მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად და ანგარიშსწორება აწარმოოს ინდივიდუალურად.
22.ახალი მომხმარებლის (ახალი მომხმარებლის ქსელის) მიერთებასთან დაკავშირებით ჩატარებული სამუშაოს ან/და მომსახურების ღირებულება, ასევე, ამ ახალი მომხმარებლის მიერთებისთვის შექმნილი აქტივები არ მიიღებს მონაწილეობას განაწილების ტარიფის გაანგარიშებისას, თუ აღნიშნული განხორციელდა მომხმარებლის ხარჯით ან მისგან მოზიდული სახსრების მეშვეობით.
