Article 2. ტერმინთა განმარტება და კანონის გამოყენება
1. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს ამავე კანონის მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სასამართლო – ამ კანონის მე-11, მე-13, მე-14 და 35-ე მუხლებისათვის – ის რაიონული (საქალაქო) სასამართლო, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც მიმდინარეობდა, მიმდინარეობს ან უნდა გაიმართოს საარბიტრაჟო განხილვა; მე-16, 21-ე, 22-ე, 23-ე, 42-ე და 43-ე მუხლებისათვის – სააპელაციო სასამართლოები; 44-ე და 45-ე მუხლებისათვის – სააპელაციო სასამართლოები და საქართველოს უზენაესი სასამართლო; ბ) ელექტრონული შეტყობინება – ნებისმიერი შეტყობინება, რომელსაც მხარეები გადასცემენ საინფორმაციო შეტყობინების სახით. საინფორმაციო შეტყობინება არის ინფორმაცია, რომელიც მომზადებულია, გაგზავნილია, მიღებულია ან შენახულია ელექტრონული, მაგნიტური, ოპტიკური ან მსგავსი საშუალებით, მათ შორის, მონაცემთა ელექტრონული გადაცემით, ელექტრონული ფოსტით, ტელეგრამით, ტელექსით ან ტელეფაქსით.
