საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 80. გადაწყვეტილება ნივთიერი მტკიცებულების შესახებ სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებამდე
1. სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებამდე საგამოძიებო ორგანო მესაკუთრეს ან მფლობელს უბრუნებს მალფუჭებად საგნებს, ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში აუცილებელ საგნებს, შინაურ ცხოველებსა და ფრინველებს, თუ მათ ყადაღა არა აქვს დადებული. სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებამდე საგამოძიებო ორგანომ მესაკუთრეს ან მფლობელს შეიძლება დაუბრუნოს სატრანსპორტო საშუალებები, კომპიუტერული სისტემა ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახი საშუალებები, თუ მათ ყადაღა არა აქვს დადებული.
2. თუ ნივთიერი მტკიცებულება არის სატრანსპორტო საშუალება, რომელიც მესაკუთრის/მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ გავიდა მისი კანონიერი მფლობელობიდან, საქმის მწარმოებელი ორგანო უშუალოდ ან უფლებამოსილი ორგანოს მეშვეობით წერილობით შესთავაზებს მესაკუთრეს/კანონიერ მფლობელს, თუ ეს პირი ცნობილია, დაიბრუნოს კუთვნილი საგანი. საქმის მწარმოებელმა ორგანომ წერილობითი შეტყობინება საგნის მესაკუთრეს/კანონიერ მფლობელს მისი ვინაობის დადგენისთანავე უნდა გაუგზავნოს. წერილობითი შეტყობინების მიღება დასტურდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ წარმოდგენილი სათანადო დოკუმენტით ან ამ შეტყობინებაზე საგნის მესაკუთრის/კანონიერი მფლობელის ხელმოწერით, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – შესაბამისად ოჯახის წევრის ან/და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით. სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე/კანონიერი მფლობელი წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 90 დღის ვადაში საკუთარი ხარჯით უზრუნველყოფს კუთვნილი საგნის დაბრუნებასა და ტრანსპორტირებას.
