1.სკოლის საქმიანობის მიმართულებებს განსაზღვრავს, კოორდინაციას უწევს და მათ აღსრულებას ზედამხედველობს სკოლის დამოუკიდებელი საბჭო (შემდგომ – დამოუკიდებელი საბჭო). დამოუკიდებელი საბჭო შედგება 7 წევრისგან.
2.დამოუკიდებელი საბჭოს წევრი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და ამ კანონით დადგენილი დამოუკიდებელი საბჭოს წევრის ფუნქციების შესრულებისათვის საკმარისი კვალიფიკაცია და პროფესიული გამოცდილება.
3.დამოუკიდებელი საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.
4.დამოუკიდებელი საბჭოს 3 წევრს 4 წლის ვადით ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია კონფერენციის რეგლამენტით დადგენილი წესით. დამოუკიდებელი საბჭოს 2 წევრს (1 მოსამართლე წევრს და 1 არამოსამართლე წევრს) მათი, როგორც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების, უფლებამოსილების ვადით ირჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საკუთარი შემადგენლობიდან. დამოუკიდებელი საბჭოს დანარჩენ 2 წევრს, ამავე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, 4 წლის ვადით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არანაკლებ 3 წევრის წარდგინებით ირჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
5.დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარეს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეულ დამოუკიდებელი საბჭოს წევრთაგან, მისი, როგორც დამოუკიდებელი საბჭოს წევრის, უფლებამოსილების ვადით ირჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
6.დამოუკიდებელი საბჭო თავისი შემადგენლობიდან ირჩევს დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეებს. დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეების რაოდენობას განსაზღვრავს დამოუკიდებელი საბჭო.
7.დამოუკიდებელი საბჭო: ა) შეიმუშავებს და ამტკიცებს სკოლის წესდებას; ბ) შეიმუშავებს და ამტკიცებს სკოლის ბიუჯეტის შედგენის წესს; გ) იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას სკოლაში პირის იუსტიციის მსმენელად ჩარიცხვისა და იუსტიციის მსმენელის სკოლიდან გარიცხვის თაობაზე; დ) ისმენს სკოლის დირექტორის ყოველწლიურ ანგარიშს სკოლის მუშაობის შესახებ; ე) სკოლის დირექტორის წარდგინებით: ე.ა) ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს; ე.ბ) ამტკიცებს და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წარადგენს სკოლის ბიუჯეტს; ე.გ) ამტკიცებს სკოლის საშტატო განრიგს; ე.დ) ამტკიცებს სახელფასო ფონდსა და შრომის ანაზღაურების ოდენობას, იუსტიციის მსმენელის სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობას; ე.ე) ირჩევს სკოლის დირექტორის მოადგილეებსა და სტაჟირების ხელმძღვანელს; ე.ვ) ამტკიცებს სასწავლო (თეორიული კურსი და სემინარული მუშაობა), სტაჟირებისა და გადამზადების პროგრამებს; ე.ზ) ამტკიცებს თეორიული კურსისა და სკოლის დამამთავრებელი გამოცდების პროგრამებს, სკოლის დამამთავრებელი გამოცდის კომისიის შემადგენლობას; ე.თ) ამტკიცებს იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიას; ვ) ახორციელებს ამ კანონითა და სკოლის წესდებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
