1.დიზაინი არის მთლიანი პროდუქტის ან მისი ნაწილის გამოხატულება, რომელიც გამომდინარეობს თვით პროდუქტის ნიშნებისაგან, მათ შორის, ხაზებისაგან, კონტურებისაგან, ფერებისაგან, ფორმისაგან, ტექსტურისაგან ან/და მასალისაგან, ან პროდუქტის მორთვისაგან.
2.პროდუქტი არის ნებისმიერი სამრეწველო ან ხელნაკეთი საგანი, მათ შორის, საფუთავი, გაფორმება, გრაფიკული სიმბოლო, ტიპოგრაფიული შრიფტი, შედგენილ პროდუქტში ჩასართავად განკუთვნილი შემადგენელი ნაწილი, კომპიუტერული პროგრამის გარდა.
3.შედგენილი პროდუქტი არის პროდუქტი, რომელიც შედგება მრავალი ნაწილისაგან, რომელთა შეცვლა შესაძლებელია პროდუქტის დაშლითა და ხელმეორედ აწყობით.
4.დიზაინი ექვემდებარება დაცვას, თუ მას აქვს სიახლე და ინდივიდუალურია.
5.დიზაინს აქვს სიახლე, თუ განაცხადის წარდგენის ან პრიორიტეტის თარიღამდე არც ერთი მისი იდენტური დიზაინი არ გამხდარა საჯაროდ ხელმისაწვდომი.
6.ამ კანონის მე-6 მუხლში აღნიშნული გარემოებების გარდა, დიზაინის სიახლის დადგენისას საჯაროდ ხელმისაწვდომად მიიჩნევა აგრეთვე საქპატენტში წარდგენილი დიზაინი, რომელსაც აქვს ადრინდელი პრიორიტეტი, მაგრამ გამოქვეყნდა იმ დიზაინზე განაცხადის წარდგენის შემდეგ, რომლის სიახლეც დგინდება. ეს წესი ვრცელდება აგრეთვე საერთაშორისო ბიუროში რეგისტრირებულ იმ დიზაინზე, რომლისთვისაც მოთხოვნილია საქართველოს ტერიტორიაზე დაცვის გავრცელება.
7.დიზაინები იდენტურად მიიჩნევა იმ შემთხვევაშიც, თუ მათი ნიშნები მხოლოდ უმნიშვნელო დეტალებით განსხვავდება.
8.დიზაინი ინდივიდუალურია, თუ საერთო შთაბეჭდილება, რომელსაც ის ახდენს ინფორმირებულ მომხმარებელზე, განსხვავდება საერთო შთაბეჭდილებისაგან, რომელსაც იმავე მომხმარებელზე ახდენს სხვა დიზაინი, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა განაცხადის წარდგენის ან პრიორიტეტის თარიღამდე.
9.დიზაინის ინდივიდუალობის შეფასებისას გაითვალისწინება მისი შექმნისას დიზაინერის თავისუფლების ხარისხი.
10.პროდუქტში ჩართული ან მისთვის გამოყენებული დიზაინი, რომელიც შედგენილი პროდუქტის ნაწილია, მიიჩნევა ახლად და ინდივიდუალურად, თუ იგი შედგენილ პროდუქტში ხილულია მისი ჩვეულებრივი გამოყენების დროს და ხილული ნიშნები აკმაყოფილებს სიახლისა და ინდივიდუალობის კრიტერიუმებს.
11.ამ მუხლის მიზნებისათვის „ჩვეულებრივი გამოყენება“ ნიშნავს საბოლოო მომხმარებლის მიერ გამოყენებას, გარდა ტექნიკური მომსახურებისა, მიმდინარე და აღდგენითი სარემონტო სამუშაოებისა. საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3279 - სსმ I, №37.
14.07.2010 წ., მუხ.220 საქართველოს 2025 წლის 11 ნოემბრის კანონი №1029 – ვებგვერდი, 17.11.2025წ.



