1.საქონელი, რომლისთვისაც მოითხოვება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია, კლასიფიცირებული უნდა იქნეს საერთაშორისო კლასიფიკატორის მიხედვით.
2.განაცხადში საქონელი უნდა მიეთითოს ისეთი ფორმით, რომ შესაძლებელი იყოს სასაქონლო ნიშნისთვის მოთხოვნილი დაცვის ფარგლების ზუსტად და ცხადად განსაზღვრა.
3.განაცხადში საქონლის ზოგადი დასახელებები (მათ შორის, საერთაშორისო კლასიფიკატორის სათაურში გამოყენებული ზოგადი დასახელება) შეიძლება მიეთითოს იმ შემთხვევაში, თუ ეს დასახელებები აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნას.
4.თუ განაცხადში მითითებული საქონლის ჩამონათვალი ბუნდოვანია ან/და ზოგადია, განმცხადებელი ვალდებულია საქპატენტის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში დააზუსტოს საქონლის ჩამონათვალი ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნის შესაბამისად. საწინააღმდეგო შემთხვევაში საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას აღნიშნული საქონლის მიმართ განაცხადის განუხილველად დატოვების შესახებ.
5.განაცხადში საქონლის ზოგადი დასახელებების (მათ შორის, საერთაშორისო კლასიფიკატორის სათაურში გამოყენებული ზოგადი დასახელების) მითითებისას განაცხადში მოცემული საქონლის ჩამონათვალის ფარგლები განისაზღვრება ამ დასახელებების პირდაპირი მნიშვნელობის მიხედვით. სასაქონლო ნიშნისთვის საქონლის ზოგადი დასახელებებით მოთხოვნილი დაცვა არ ვრცელდება ისეთ საქონელზე, რომელსაც ამ დასახელებების შინაარსი არ მოიცავს.
6.თუ სასაქონლო ნიშნის დაცვა მოითხოვება საერთაშორისო კლასიფიკატორის ერთზე მეტ კლასში შემავალი საქონლისთვის, განაცხადში სათანადო საქონელი უნდა დაჯგუფდეს კლასების მიხედვით და უნდა მიეთითოს შესაბამისი კლასის ნომერი.
7.საქონელი არ შეიძლება მსგავსად ჩაითვალოს მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ ეს საქონელი დაჯგუფებულია საერთაშორისო კლასიფიკატორის ერთსა და იმავე კლასში. ამასთანავე, საქონელი არ შეიძლება განსხვავებულად ჩაითვალოს მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ ეს საქონელი დაჯგუფებულია საერთაშორისო კლასიფიკატორის სხვადასხვა კლასში.






