1.სანოტარო აქტში შესწორება (ამოღება, ცვლილება, დამატება) შეიტანება შემდეგი წესით: ა) სიტყვა (ასო-ნიშნის, წინადადება, ციფრი), რომელიც ამოღებულ უნდა იქნეს, შემოიხაზება იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს შემოხაზული სიტყვის (ასო-ნიშნის, წინადადების, ციფრის) წაკითხვა. ამგვარად მონიშნული სიტყვის (ასო-ნიშნის, წინადადების, ციფრის) გვერდით დაისმება ციფრი. ეს ციფრი უნდა დაისვას აგრეთვე დოკუმენტის ტექსტის ბოლოს, მაგრამ მხარეთა ხელმოწერამდე. ციფრის გვერდით უნდა მიეთითოს: ამოღებულია, ხოლო შემდეგ უნდა განმეორდეს მონიშნული სიტყვა (ასო-ნიშანი, წინადადება, ციფრი); ბ) სიტყვა (ასო-ნიშანი, წინადადება, ციფრი), რომელიც უნდა შესწორდეს, შემოიხაზება და გვერდით დაისმება ციფრი. ეს ციფრი უნდა დაისვას აგრეთვე დოკუმენტის ტექსტის ბოლოს, ციფრის გვერდით უნდა მიეთითოს: ამოღებულია, შემდეგ უნდა გამეორდეს მონიშნული სიტყვა (ასო, წინადადება, ციფრი), ხოლო შემდეგ უნდა მიეთითოს: უნდა იყოს და უნდა დაიწეროს ის სიტყვა (ასო-ნიშანი, წინადადება, ციფრი), რომლითაც იცვლება ამოღებული სიტყვა (ასო-ნიშანი, წინადადება, ციფრი); გ) გამოტოვებული სიტყვის (ასო-ნიშნის, წინადადების, ციფრის) ადგილზე უნდა დაისვას ციფრი. ეს ციფრი უნდა დაისვას აგრეთვე დოკუმენტის ტექსტის ბოლოს, მაგრამ მხარეთა ხელმოწერამდე. ციფრის გვერდით უნდა მიეთითოს: დამატებულია და უნდა დაიწეროს ის სიტყვა (ასო-ნიშანი, წინადადება, ციფრი), რომელიც უნდა ჩაისვას ციფრით აღნიშნულ ადგილზე; დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის ა-გ ქვეპუნქტებში მითითებული წესით შედგენილი შესწორებების ბოლოს ხელს აწერს მხარე და ნოტარიუსი. ხელმოწერათა შემდეგ უნდა დაისვას ნოტარიუსის ბეჭედი.
2.შესწორებები იმ სანოტარო აქტში, რომელიც უკვე ხელმოწერილია მხარეთა მიერ, შეიტანება: ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით იმ განსხვავებით, რომ სანოტარო აქტის ტექსტის ბოლოს ცვლილებების შესახებ არსებული მითითებების შემდეგ სავალდებულოა მხარეებისა და ნოტარიუსის განმეორებითი ხელმოწერები და ნოტარიუსის ბეჭდის დასმა; ბ) დამოუკიდებელი საჯარო აქტის შედგენითა და დამოწმებით.
3.ნოტარიუსი უფლებამოსილია სანოტარო მოქმედების მონაწილის, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, ან საკუთარი ინიციატივით, სანოტარო აქტის ტექსტში შეასწოროს სანოტარო აქტის შედგენისას დაშვებული აშკარა მექანიკური შეცდომები. აშკარა მექანიკურ შეცდომად ჩაითვლება სანოტარო აქტის ტექსტში დაშვებული კალმისმიერი, ორთოგრაფიული, არითმეტიკული ან სხვა სახის ხარვეზები, რომელთა მექანიკური ხასიათი თვალნათლივ დასტურდება ამავე სანოტარო აქტის სხვა ნაწილებიდან და/ან თანდართული დოკუმენტებიდან და რომელთა გასწორებაც არ იწვევს სანოტარო აქტის შინაარსის არსებით შეცვლას. აშკარა მექანიკური შეცდომების გასწორებისას, სანოტარო აქტის ტექსტის ბოლოს ცვლილებების შესახებ ამ მუხლით გათვალისწინებული მითითების შემდეგ მხარეების განმეორებითი ხელმოწერები სავალდებულო არ არის. შესწორებულ ვარიანტზე დაისმება ნოტარიუსის ხელმოწერა და ბეჭედი.
4.ნოტარიუსი უფლებამოსილია სანოტარო აქტის ასლში დოკუმენტის დედნის ტექსტი გადმოსცეს საბოლოოდ გასწორებული სახით დედანში შეტანილ ცვლილებებზე მითითებების გარეშე.
5.კერძო აქტში დაშვებული შეცდომა სწორდება: ა) დამოუკიდებელი კერძო აქტის შედგენითა და ამ აქტზე მხარის (მხარეების) ხელმოწერის (ხელმოწერების) ნამდვილობის დამოწმებით, ან ბ) იმავე აქტზე მხარის (მხარეების) შესაბამისი შინაარსის მინაწერითა და მინაწერზე მხარის (მხარეების) ხელმოწერის (ხელმოწერების) ნამდვილობის დამოწმებით.
6.კერძო აქტის დამადასტურებელ წარწერაში (ნოტარიუსის ფორმულიარში) დაშვებულ შეცდომებს ნოტარიუსი ასწორებს საკუთარი ინიციატივით, ან დაინტერესებული პირის თხოვნით. შესწორებისას გამოიყენება ამ მუხლის პირველი-მე-5 პუნქტებით დადგენილი წესები იმ განსხვავებით, რომ შესწორების დამადასტურებელ წარწერაზე დაისმება მხოლოდ ნოტარიუსის ბეჭედი და ხელმოწერა.
7.ამ მუხლით დადგენილი წესით შეცდომების გასწორება, თუკი შეცდომა არ სწორდება დამოუკიდებელი საჯარო ან კერძო აქტის შედგენით, არ არის დამოუკიდებელი (განცალკევებული) სანოტარო მოქმედება და იგი არ ტარდება სანოტარო მოქმედებათა რეგისტრაციის რეესტრში.
8.ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი ნორმები ეხება დაშვებული შეცდომების გასწორების წესს და იგი არ ადგენს აქტში ცვლილებების შეტანის წესს. თავი III სანოტარო რეესტრი
