1.ნოტარიუსს ეკრძალება უსაფუძვლო უარის თქმა სანოტარო მოქმედების შესრულებასა და/ან პროფესიული მომსახურების გაწევაზე.
2.ნოტარიუსი უფლებამოსილია უარი განაცხადოს სანოტარო მომსახურების გაწევაზე მის მიმართ ან სანოტარო ბიუროს სხვა თანამშრომლის მიმართ კლიენტის არაეთიკური დამოკიდებულების გამო.
3.სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის გაცხადებისას, კლიენტის მოთხოვნით, ნოტარიუსი გამოსცემს წერილობით დადგენილებას, რომელშიც მიეთითება: ა) ნოტარიუსის სახელი და გვარი, სანოტარო ბიუროს მისამართი; ბ) დადგენილების მიღების თარიღი; გ) იმ პირის მონაცემები, რომელსაც ეთქვა უარი სანოტარო მოქმედების შესრულებაზე; დ) საქმის გარემოებები და სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის საფუძვლები; ე) გასაჩივრების წესი.
4.დადგენილების გაცემას არ აბრკოლებს სანოტარო მოქმედების მთხოვნელი პირის არაქმედუნარიანობის/შეზღუდულქმედუნარიანობის შესახებ ეჭვის არსებობა.
5.დადგენილება სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ გაიცემა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში.
6.ნოტარიუსის დადგენილება სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში სანოტარო ბიუროს ადგილმდებარეობის მიხედვით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7.სანოტარო რეესტრში რეგისტრაციისას ნოტარიუსის მიერ სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ დადგენილებას იმავე სამუშაო დღეს უნდა დაერთოს ამ დადგენილების დედნის ელექტრონული ასლი ( დასკანერებული რედაქცია ). საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №212 - სსმ III, №144, 08.11.2010, მუხ.2059 საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 23 იანვრის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 23.01.2012 წ.


