1.სანოტარო მოქმედების შესრულებისას ნოტარიუსი ვალდებულია იყოს მიუკერძოებელი და: ა) შეასრულოს თავისი პროფესიული ვალდებულებები საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად; ბ) დაიცვას ნოტარიუსის პროფესიული ეთიკის წესები; გ) სანოტარო მოქმედების შესრულებისას დაადგინოს სანოტარო მოქმედების მონაწილე ფიზიკური და იურიდიული პირის ან მათი წარმომადგენლის ვინაობა, უფლებამოსილება და ქმედუნარიანობა, ნების თავისუფალი გამოვლენის ნამდვილობა, სანოტარო მოქმედების მონაწილეს განუმარტოს მისი უფლებები და ვალდებულებები, გააფრთხილოს სანოტარო მოქმედების იურიდიული შედეგების შესახებ; დ) მუდმივად იზრუნოს თავისი პროფესიული მომზადების ხარისხის ასამაღლებლად; ე) დაიცვას პროფესიული საიდუმლოება; ვ) არ შეასრულოს სანოტარო მოქმედება, თუ იგი ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, მორალს და/ან საჯარო წესრიგს; ზ) დროულად გადაიხადოს კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო გადასახდელები ნოტარიუსთა პალატაში.
2.ნოტარიუსს ეკრძალება: ა) შუამავლობა თავის კლიენტებს შორის გარიგების დადებისას და/ან გარანტიის მიცემა ერთ-ერთი მხარისათვის; ბ) პროფესიული თვისებების რეკლამირება და არასათანადო რეკლამის განთავსება ან გავრცელება. ნოტარიუსს უფლება აქვს განახორციელოს საკუთარი სანოტარო საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება ბეჭდური საშუალებებით და ინტერნეტის მეშვეობით. სანოტარო საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება შეიძლება ასახავდეს სანოტარო ბიუროს სამუშაო საათებს, სანოტარო სერვისების დასახელებას, რაოდენობას და ღირებულებას, ასევე, დოკუმენტაციის აღწერილობას, რომელიც აუცილებელია დასახელებული სანოტარო სერვისის მისაღებად და დროის ხანგრძლივობას, რა ვადაც სჭირდება დასახელებულ სანოტარო სერვისს მიწოდებისთვის.
3.ნოტარიუსი ვალდებულია შეკითხვის მიღებიდან 10 სამუშაო დღისა ამომწურავი წერილობითი პასუხი გასცეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სასამართლოს, ნოტარიუსთა პალატის შეკითხვას და მიაწოდოს მათ აუცილებელი ინფორმაცია. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 27 მარტის ბრძანება №40 - ვებგვერდი, 28.03.2012 წ.


