1.მიწის ნაკვეთზე უფლება ვრცელდება ასევე მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობაზე, თუ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით სხვა რამ არ დგინდება.
2.მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის არსებობა დგინდება საკადასტრო აზომვითი ნახაზით.
3.მიწის ნაკვეთი სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად, ხოლო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შესაბამისი კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად რეგისტრირდება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად. თუ უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში არ არის დაკონკრეტებული ან მისი შინაარსიდან არ ირკვევა მიწის ნაკვეთის დანიშნულება ან/და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორია, რეგისტრაცია წარმოებს მიწის ნაკვეთის დანიშნულების ან/და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შესახებ დამატებით წარმოდგენილი ინფორმაციის ან დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.
4.თუ საკადასტრო აღწერის შედეგებით სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფართობი, კონფიგურაციის მიუხედავად, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ ფართობზე, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებულ ან ტექნიკური აღრიცხვის არქივის სააღრიცხვო ბარათში დაფიქსირებულ დაუზუსტებელ ფართობზე მეტია (5 ჰა-მდე ან 50000 კვ.მ.-მდე არა უმეტეს 1 პროცენტისა, ხოლო 5 ჰა-ზე ან 50000 კვ.მ.-ზე ზევით – არა უმეტეს 0.5 პროცენტისა) ან ნაკლებია, მარეგისტრირებელი ორგანო უფლების რეგისტრაციას ახდენს ბოლო საკადასტრო აღწერის შედეგად დადგენილი ფართობის შესაბამისად.
5.თუ ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით მიწის ნაკვეთის ნაწილზე აღრიცხულია უფლება, ხოლო ნაწილი – როგორც თვითნებურად დაკავებული, საინვენტარიზაციო გეგმა უნდა გაიცეს მიწის ნაკვეთის უფლებააღრიცხული და თვითნებურად დაკავებული ნაწილების ფართობებისა და საზღვრების მითითებით. თუ ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით დგინდება მიწის ნაკვეთის ნაწილების ფართობები და საზღვრები, მაშინ მარეგისტრირებელი ორგანო ეყრდნობა ამ მონაცემებს, ხოლო, თუ ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით კონკრეტულად არ დგინდება მიწის ნაკვეთის ნაწილების ფართობები და საზღვრები, მაშინ მარეგისტრირებელი ორგანო მიწის ნაკვეთის ნაწილების ფართობებს და საზღვრებს ადგენს აღნიშნული ნაწილების შეერთების წერტილების მიხედვით. ეს პრინციპი არ მოქმედებს, თუ შენობა-ნაგებობა განლაგებულია მიწის ნაკვეთის ორივე ნაწილზე.
6.თუ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით არ დგინდება, რომ შენობა-ნაგებობა (ინდივიდუალური ან მრავალერთეულიანი) ან მრავალერთეულიანი შენობა-ნაგებობის ერთეული მშენებარეა, მათზე უფლების რეგისტრაცია წარმოებს როგორც აშენებულზე.
7.მრავალერთეულიანი შენობა-ნაგებობის ერთეულზე, მიუხედავად იმისა, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში ერთეული ფართობშია გამოხატული თუ მრავალერთეულიანი შენობა-ნაგებობის წილში, საკუთრების უფლება რეგისტრირდება ფართობის შესაბამისად, მრავალერთეულიანი შენობა-ნაგებობის საერთო ან მთლიან საცხოვრებელ ფართობში ან/და მიწის ნაკვეთში ამ ფართობის წილის მითითების გარეშე.
8.თუ საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად მრავალერთეულიანი შენობა-ნაგებობის ერთეულის ფართობი უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებულ ან ტექნიკური აღრიცხვის არქივის სააღრიცხვო ბარათში დაფიქსირებულ დაუზუსტებელ ფართობზე მეტია ან ნაკლებია, მარეგისტრირებელი ორგანო უფლების რეგისტრაციას ახდენს ბოლო საკადასტრო აზომვითი ნახაზით დადგენილი ფართობის შესაბამისად.
9.მრავალერთეულიანი შენობა-ნაგებობის იმ ნაწილებზე და ნაგებობა-დანადგარებზე, რომლებიც არ წარმოადგენს ინდივიდუალურ საკუთრებას და მოქმედი კანონმდებლობითა თუ თანამესაკუთრეთა შეთანხმებით წარმოადგენს საერთო საკუთრების საგანს (სხვენი, სარდაფი და სხვა), თანამესაკუთრეთა საერთო საკუთრების უფლება რეგისტრირდება თანამესაკუთრეთა ერთობლივი მოთხოვნით ან კანონმდებლობით დადგენილი წესით მრავალერთეულიანი შენობა-ნაგებობის ამხანაგობის (მის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის) მოთხოვნით.
10.მრავალერთეულიანი შენობა-ნაგებობის საერთო საკუთრების საგანზე ან მის ნაწილზე, მიუხედავად იმისა, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებულია თუ არა თანამესაკუთრეთა საერთო საკუთრების უფლება, თანამესაკუთრის ინდივიდუალური საკუთრების უფლება რეგისტრირდება თანამესაკუთრეთათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით და ფორმით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.
11.თუ ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით უძრავ ნივთზე არ არის აღრიცხული სახელმწიფოს ან სხვა პირის საკუთრების უფლება, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან უძრავ ნივთზე ინფორმაციის ან ცნობა-დახასიათების გაცემისას მიუთითოს, რომ უძრავ ნივთზე უფლება არ არის აღრიცხული. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471

