1.საკადასტრო აღწერის შედეგი (საკადასტრო აზომვითი ნახაზი) წარმოდგენილ უნდა იქნეს სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში, კერძოდ WGS 84 კოორდინატთა სისტემასა და UTM პროექციაში.
2.საკადასტრო აღწერისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ობიექტების აზომვისა და გამოსახვის სიზუსტე მასშტაბის მიხედვით, შემდეგ ფარგლებში: ა) 1:500 – არა უმეტეს 0.15 მ-სა; ბ) 1:1000 – არა უმეტეს 0.25 მ-სა; გ) 1:2000 – არა უმეტეს 0.50 მ-სა; დ) 1:5000 – არა უმეტეს 1.0 მ-სა.
3.საკადასტრო აზომვით ნახაზზე, ამ ინსტრუქციის მოთხოვნების გათვალისწინებით, წარმოდგენილ უნდა იქნეს ობიექტთა შემდეგი ტიპები: ა) მიწის ნაკვეთი; ბ) შენობა-ნაგებობა; გ) ცალკე უფლების ობიექტი; დ) უფლებრივი შეზღუდვის ან/და დატვირთვის საზღვრები; ე) წერტილოვანი ობიექტი; ვ) სხვა ტოპოგრაფიული ელემენტები.
4.საკადასტრო აზომვით ნახაზს თან უნდა ერთოდეს წერილობითი ინფორმაცია საკადასტრო აღწერის დამსწრეთა და უძრავი ნივთის მოსაზღვრე უძრავი ნივთის (ნივთების) მართლზომიერი მფლობელის ან მესაკუთრის არსებობის შესახებ.
5.საკადასტრო აზომვითი ნახაზი დამოწმებული უნდა იყოს უძრავი ნივთის მართლზომიერი მფლობელის ან მესაკუთრის, უძრავი ნივთის მოსაზღვრე უძრავი ნივთის (ნივთების) მართლზომიერი მფლობელის ან მესაკუთრის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საკადასტრო აღწერის დამსწრეთა (ასეთთა არსებობის შემთხვევაში) და საკადასტრო აღწერაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერით, ხოლო, თუ საკადასტრო აღწერაზე უფლებამოსილი პირი იურიდიული პირია – დამატებით იურიდიული პირის ბეჭდით. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471

