1.საქართველოს სახელმწიფო რეზერვი არის განსაკუთრებული დანიშნულების მატერიალურ ფასეულობათა ხელუხლებელი მარაგი, რომელიც მიზნობრივად გამოიყენება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დებულების შესაბამისად, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ხოლო საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს − საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით.
2.საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვის ( შემდგომში – სახელმწიფო რეზერვი ) შემადგენლობაში შედის სახელმწიფო რეზერვი და სამობილიზაციო რეზერვი, რომელიც იქმნება მშვიდობიან დროს სამობილიზაციო დავალებათა შესაბამისად , საომარი და / ან საგანგებო მდგომარეობის ან სხვა განსაკუთრებული სიტუაციების პირობებში პირველი რიგის სამუშაოების უზრუნველსაყოფად.
3.სახელმწიფო რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა დაგროვების, შენახვის, მიწოდების, გაცემის, განახლების, შეცვლის, გასესხების, ჯავშნიდან მოხსნის, გაშვების, აღრიცხვისა და ანგარიშგების წესი განისაზღვრება „სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ“ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1233 – ვებგვერდი, 08.10.2013წ.

