1.უცხოელმა, რომელიც ფლობს საქართველოში შრომითი საქმიანობის უფლებას, შრომითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად სააგენტოში უნდა წარადგინოს: ა) დადგენილი ფორმის განცხადება, რომელშიც სხვა მონაცემებთან ერთად უნდა მიეთითოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ მინიჭებული უნიკალური კოდი; ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი; გ) საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი (შრომითი ხელშეკრულება ან სამუშაოზე მიღების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი); ე) შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის თაობაზე გადაწყვეტილება; ვ) ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ მის მიერ საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობიდან მიღებული ყოველთვიური შემოსავალი/შრომის ანაზღაურება არ არის საქართველოში განსაზღვრული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ხუთმაგ ოდენობაზე ნაკლები. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტებით ვერ დასტურდება უცხოელის ლეგალური შემოსავალი, შემოსავლად ასევე შეიძლება, ჩაითვალოს უცხოელის პირად საბანკო ანგარიშზე რიცხული თანხა (მათ შორის, ბანკის მიერ გაცემული ცნობა), რომლის ოდენობაც, შრომითი ბინადრობის ნებართვის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, ყოველთვიურად არ უნდა იყოს საქართველოში განსაზღვრული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ხუთმაგ ოდენობაზე ნაკლები; ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ მისი დამსაქმებელი საწარმოს/დაფუძნებული საწარმოს (გარდა საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულებისა) წლიური ბრუნვა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე 50 000 ლარზე ნაკლები არ არის, ხოლო დამსაქმებელი/დაფუძნებული საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულების შემთხვევაში, წლიური ბრუნვა არის არანაკლებ 35 000 ლარისა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე; თ) ცნობა უცხოელის დამსაქმებელ საწარმოში/დაფუძნებულ საწარმოში შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ უცხოელთა რაოდენობის შესახებ; ი) ფერადი ფოტოსურათი, ზომით − 3/4, ელექტრონული ფორმით; კ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
1¹.„შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობის განმახორციელებელმა უცხოელმა შრომითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად სააგენტოში უნდა წარადგინოს ამავე საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი დადგენილი ფორმის განცხადებასა და ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ – „დ“ და „ვ“ – „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად.
2.(ამოღებულია - 30.07.2019, №352).
2¹.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების წარმოდგენა საჭირო არ არის, თუ შესაძლებელია ელექტრონული სისტემის მეშვეობით შრომითი საქმიანობის უფლების ფლობის თაობაზე ინფორმაციის გადამოწმება.
3.როდესაც დამსაქმებელი საწარმო/დაფუძნებული საწარმო არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ცნობის ნაცვლად უცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს კომპეტენტური ორგანოს/პირის მიერ გაცემული სათანადო ცნობა ან ცნობები, რომლითაც/რომლებითაც უნდა დასტურდებოდეს, რომ: ა) უცხოელის დამსაქმებელი საწარმო/დაფუძნებული საწარმო არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად; ბ) ცნობის გაცემის წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის ბრუნვა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე არ არის 50 000 ლარზე ნაკლები, ხოლო უცხოელის დამსაქმებელი/დაფუძნებული საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულების შემთხვევაში – 35 000 ლარზე ნაკლები.
4.თუ ობიექტურად შეუძლებელია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტითა და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ცნობების წარდგენა, მათ ნაცვლად უცხოელმა სააგენტოში შეიძლება წარადგინოს სხვა ნებისმიერი ცნობა ან მტკიცებულება, რომელიც უდავოდ ადასტურებს, რომ მისი დამსაქმებელი საწარმოს/დაფუძნებული საწარმოს (გარდა საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულებისა) წლიური ბრუნვა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე 50 000 ლარზე ნაკლები არ არის, ხოლო დამსაქმებელი/დაფუძნებული საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულების შემთხვევაში წლიური ბრუნვა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე არის არანაკლებ 35 000 ლარისა.
5.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ცნობების წარდგენა პირს (დამფუძნებელი/ მეწარმე/დასაქმებული) არ ევალება, თუ საწარმოს არ ჰყავს 3 უცხოელზე მეტი დასაქმებული, მისი დაფუძნებიდან/რეგისტრაციიდან გასულია არაუმეტეს 3 თვე და მასზე შრომითი ბინადრობის ნებართვა აღნიშნული ცნობის წარდგენის გარეშე გაიცემა პირველად. ასეთ შემთხვევაში პირი წარადგენს საწარმოს მიერ გაცემულ ცნობას უცხოელ თანამშრომელთა რაოდენობის შესახებ. ამ შემთხვევაში შრომითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა 6 თვის ვადით.
6.„შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 20 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უცხოელმა შრომითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად სააგენტოში უნდა წარადგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ ანგარიშგების ვებგვერდზე (www.reportal.ge) გასაჯაროვებულ მონაცემებზე დაყრდნობით გაცემული ინფორმაცია საწარმოს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომითი კატეგორიის ან საზოგადოებრივი დაინტერესების პირის სტატუსის თაობაზე. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის დადგენილება №574- ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 ივლისის დადგენილება №352 - ვებგვერდი, 02.08.2019წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 აგვისტოს დადგენილება №481 – ვებგვერდი, 07.08.2020წ. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 1 აპრილის დადგენილება №167 – ვებგვერდი, 05.04.2022წ. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება №395 – ვებგვერდი, 11.10.2023წ. საქართველოს მთავრობის 2026 წლის 2 აპრილის დადგენილება №146 - ვებგვერდი, 03.04.2026წ. საქართველოს მთავრობის 2026 წლის 9 ივლისის დადგენილება №317 - ვებგვერდი, 10.07.2026წ.

