მუხლი 24. რეგულირების ობიექტის ზოგადი ვალდებულებები
1. რეგულირების ობიექტი ვალდებულია: ა) დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში წარუდგინოს დეპარტამენტს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის ან გარემოზე ზემოქმედების ნებართვის ან ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობების შესრულების ანგარიში; ბ) ხელი შეუწყოს დეპარტამენტის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეს კანონიერი ქმედებების განხორციელებისას, ამასთან, სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ყველა საჭირო ინფორმაცია (იგი პასუხისმგებელია ამ ინფორმაციის ნამდვილობაზე), ასევე აღმოფხვრას გამოვლენილი დარღვევები და შეასრულოს ადმინისტრაციული მიწერილობით დაკისრებული მოვალეობები; გ) თავის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ან მომხდარი ტექნოგენური ავარიის ან ბუნებრივი ხასიათის საგანგებო სიტუაციის ან მათი საფრთხის არსებობის შესახებ დროულად აცნობოს დეპარტამენტს ან/და სხვა დაინტერესებულ უწყებებს; დ) სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას დეპარტამენტის მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ, გონივრულ ვადებში მიაწოდოს ინფორმაცია მისამართის, საწარმოს შემთხვევაში – იურიდიული მისამართის, საქმიანობის ადგილის, საქმიანობის სფეროს, შესაბამისი უფლებამოსილი პირის (ხელმძღვანელის) და კონტროლის განხორციელებისთვის აუცილებელი სხვა მნიშვნელოვანი გარემოებების შესახებ; ე) შეასრულოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები.
