მუხლი 6. სახელმწიფო კონტროლის ძირითადი მექანიზმები
1. დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ძირითადი მექანიზმია: ა) საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის თავიდან აცილების, ბუნებრივი რესურსებით უკანონოდ სარგებლობის გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით (პრევენციული) ღონისძიებების განხორციელება; ბ) საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების მონიტორინგი; გ) რეგულირების ობიექტების ინსპექტირების განხორციელება.
2. ინსპექტირების განხორციელებამდე, დეპარტამენტი უფლებამოსილია რეგულირების ობიექტიდან წერილობით გამოითხოვოს ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც საჭიროა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების მონიტორინგის განხორციელებისათვის. რეგულირების ობიექტის მიერ წარმოდგენილი ამ პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია შესაძლებელია გახდეს ინსპექტირების დაგეგმვისა და განხორციელების საფუძველი, ხოლო თუ აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე გამოიკვეთება სამართალდარღვევა, რომელიც არ საჭიროებს დამატებითი ინსპექტირების განხორციელებას - დეპარტამენტი უფლებამოსილია მოახდინოს შესაბამისი რეაგირება. თავი II რეგულირების ობიექტის დათვალიერება და მისი საქმიანობის შემოწმება
