„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით
მუხლი 22. 2012 წლის 1 სექტემბრამდე მოპოვებულ უფლებათა შენარჩუნება
1. პენსიაზე უფლების მქონე იმ პენსიონერს, რომელსაც 2012 წლის 1 სექტემბრამდე აქვს დანიშნული საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის „საპენსიო უზრუნველყოფისა“ და „სოციალური დაცვის“ პროგრამული კოდებით დაფინანსებული რაიმე სახის ყოველთვიური ფულადი გასაცემელი (გარდა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა), რომლის ჯამური ოდენობა ტოლია ან აღემატება შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფისათვის „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი „საპენსიო პაკეტით“ განსაზღვრული ფულადი გასაცემლის ოდენობას, უწყდება ზემოაღნიშნული კოდებით დაფინანსებული გასაცემლები და იმავე ოდენობის შესაბამისი თანხის გაცემა უგრძელდება შეჯამებულად, „საპენსიო პაკეტის“ ფულადი გასაცემლის სახით, ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პენსიის შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობამდე.
2. პენსიაზე უფლების მქონე იმ პენსიონერს, რომელსაც 2012 წლის 1 სექტემბრამდე აქვს დანიშნული საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის „საპენსიო უზრუნველყოფისა“ და „სოციალური დაცვის“ პროგრამული კოდებით დაფინანსებული რაიმე სახის ყოველთვიური ფულადი გასაცემელი (გარდა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა), რომლის ჯამური ოდენობა ნაკლებია შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფისათვის „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი „საპენსიო პაკეტით“ განსაზღვრული ფულადი გასაცემლის ოდენობაზე, უწყდება ზემოაღნიშნული კოდებით დაფინანსებული გასაცემლები და მისი „საპენსიო პაკეტი“ განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით.
3. პირს, რომელიც 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით არ არის პენსიაზე უფლების მქონე პირი და იყო საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის „საპენსიო უზრუნველყოფისა“ და „სოციალური დაცვის“ პროგრამული კოდებით დაფინანსებული რაიმე სახის ყოველთვიური ფულადი გასაცემლის (გარდა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა) მიმღები, შეუნარჩუნდება მოპოვებული ფულადი სარგებლის იმავე ოდენობით მიღების უფლება საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული „სოციალური პაკეტის“ სახით, პენსიის შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობამდე.
