1.საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ მონაწილეს უფლება აქვს, საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით მიმართოს საპენსიო ფონდს და მიიღოს მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული მთლიანი საპენსიო აქტივების შესაბამისი ღირებულება ერთიანი გადახდით ან პროგრამული გატანით.
2.საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ მონაწილეს ასევე უფლება აქვს, საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით მიმართოს საპენსიო ფონდს და მოსთხოვოს მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივებით სადაზღვევო ანუიტეტური პროდუქტის შეძენა პენსიის მიღების მიზნით.
3.საპენსიო ფონდი უფლებამოსილია განსაზღვროს მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივების მისთვის პენსიის სახით გაცემის სხვა ფორმაც და უზრუნველყოს მონაწილე ამ ფორმით.
4.მონაწილე უფლებამოსილია მიიღოს საპენსიო აქტივების ღირებულების სრული მოცულობა მისი ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშიდან, თუ მან საპენსიო ასაკს მიაღწია საპენსიო შენატანების განხორციელების დაწყების თარიღიდან არაუგვიანეს 5 წლისა.
5.საპენსიო ფონდი ადგენს მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულების ზღვარს, რომლის ფარგლებშიც მონაწილეს უფლება აქვს, მიიღოს პენსია ერთიანი გადახდით.
6.მონაწილე მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივების შესაბამის თანხას სრულად მიიღებს მას შემდეგ, რაც საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით მიმართავს საპენსიო ფონდს, ხოლო საპენსიო ფონდი მიიღებს ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას.
7.საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორი მმართველობით საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს სიცოცხლის ხანგრძლივობის სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით პროგრამული გატანის პერიოდულობის განსაზღვრის წესებსა და პირობებს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, საპენსიო აქტივების იმ მონაწილეებისთვის გაცემის მიზნით, რომლებსაც არ აქვთ უფლება, გაიტანონ საპენსიო აქტივები ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად.
8.პროგრამული გატანით გასაცემი თანხის ოდენობის გამოსათვლელად მონაწილის პენსიაზე გასვლის თარიღისთვის მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება იყოფა მონაწილის სიცოცხლის მოსალოდნელ დარჩენილ ხანგრძლივობაზე, რომელიც ეფუძნება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს მოსახლეობის ასაკობრივი განაწილების და სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის შესახებ.
9.პროგრამული გატანით გასაცემი თანხის ოდენობა გადაანგარიშდება ყოველწლიურად, მონაწილის ასაკის შეცვლის თვეში. დაუშვებელია გადახდების პროგრამა განსხვავებული იყოს მონაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობის, რასის, რელიგიური მრწამსის, სქესის, ეროვნების ან ნებისმიერი დისკრიმინაციული ნიშნის საფუძველზე.
10.საპენსიო ფონდი მონაწილეს მისი საპენსიო ასაკის მოახლოების შესახებ ატყობინებს ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ამ ასაკის დადგომამდე 6 თვით ადრე და უზრუნველყოფს მისთვის სტანდარტული განაცხადის ფორმის ხელმისაწვდომობას.
11.(ამოღებულია - 01.11.2023, №3601) .
12.(ამოღებულია - 01.11.2023, №3601) .
13.საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ მონაწილეს უფლება აქვს, თუმცა ვალდებული არ არის, საპენსიო ასაკის მიღწევის საფუძვლით მოითხოვოს და მიიღოს პენსია საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით. თუ მონაწილე საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ არ გამოიყენებს ამ უფლებას, დამსაქმებელი და სახელმწიფო მის სასარგებლოდ განახორციელებენ საპენსიო შენატანებს მონაწილის მიერ პენსიის მოთხოვნამდე, ამ კანონისა და საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
14.არ შეიძლება პენსიის მიღების დაწყების შემდეგ მონაწილემ გააგრძელოს საპენსიო შენატანების განხორციელება.
15.საპენსიო ფონდი პენსიის/საპენსიო აქტივების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მონაწილის მიერ მისთვის საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით პენსიაზე გასვლის შესახებ განცხადებით მიმართვის თარიღიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, ხოლო პენსიის გაცემას/გადახდას იწყებს პენსიის/საპენსიო აქტივების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა. საპენსიო ფონდის მიერ პენსიის/საპენსიო აქტივების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მონაწილეს სტატუსი ეცვლება და იგი პენსიის მიმღები ხდება.
16.(ამოღებულია - 01.11.2023, №3601) .
17.(ამოღებულია - 01.11.2023, №3601) . საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.

