„მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით
მუხლი 17. სამეცნიერო და სამეცნიერო-ტექნიკური კადრების მომზადება და ატესტაცია
1. სამეცნიერო და სამეცნიერო-ტექნიკური კადრების მომზადება ხდება სწავლების უწყვეტობის, მისი მრავალნაირი ფორმებისა და მეთოდების გამოყენებით.
2. სახელმწიფო იძლევა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში − უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და სამეცნიერო-კვლევით ერთეულებში სამეცნიერო და სამეცნიერო-ტექნიკური კადრების მომზადების, სახელმწიფო ბიუჯეტიდან საამისოდ საჭირო ასიგნებათა გამოყოფის, სამეცნიერო ხარისხების საზღვარგარეთ ცნობის (ნოსტრიფიცირების სისტემის მოქმედების) გარანტიას.
3. უმაღლესი განათლებისა და კვლევითი საქმიანობის შერწყმის მიზნით სახელმწიფო აყალიბებს ნიჭიერი ახალგაზრდების შერჩევის და მომავალი შემოქმედებითი, სამეცნიერო საქმიანობისათვის უწყვეტი მომზადების სისტემას; შეღავათიან პირობებს უქმნის ახალგაზრდების შერჩევითა და აღზრდით დაკავებულ ორგანიზაციებს; ეხმარება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, მეცნიერებათა აკადემიებსა და სხვა სამეცნიერო-კვლევით ერთეულებს; ავითარებს სასწავლო-საწარმოო კომპლექსების ქსელს და მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადების სხვა ფორმებს.
4. (ძალადაკარგულია - 21.06.02, №1522).
5. საზღვარგარეთის წამყვან სამეცნიერო ცენტრებში სამეცნიერო და სამეცნიერო-ტექნიკური კადრების მომზადებისა და სტაჟირების ხელშესაწყობად სახელმწიფო გამოყოფს ბიუჯეტის სახსრებს, საამისოდ ქმნის პირობებს უცხოური ფონდების, დაწესებულებათა, ორგანიზაციათა და მოქალაქეთა სახსრების მოსაზიდად.
6. სახელმწიფო აწესებს სახელმწიფო და სახელობით პრემიებსა და საპატიო წოდებებს იმ პირთათვის, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი აქვთ შეტანილი მეცნიერების განვითარების, მისი შედეგების პრაქტიკულად გამოყენების საქმეში და ღვაწლი მიუძღვით ეროვნული სამეცნიერო და სამეცნიერო-ტექნიკური კადრების მომზადებაში. საქართველოს 1997 წლის 30 აპრილის კანონი №672 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №21-22, 31.05.1997 წ., გვ.14 საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1522 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.80 საქართველოს 2016 წლის 16 დეკემბრის კანონი №104 - ვებგვერდი, 27.12.2016წ.
