„ პროფესიული განათლების შესახებ “ საქართველოს კანონის
მუხლი 15. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
1. პროფესიული განათლების სფეროში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო: ა) ახორციელებს სახელმწიფო პოლიტიკას ; ბ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს და ამტკიცებს მათ წესდებებს, ახორციელებს მათ სახელმწიფო კონტროლს, რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებს; გ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით აფუძნებს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს; დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებებს; ე) ადგენს უცხო ქვეყანაში მიღებული პროფესიული განათლების აღიარების პირობებსა და წესს; ვ) ადგენს არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების პირობებსა და წესს; ზ) ამტკიცებს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ნიმუშს; თ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსს; ი) ადგენს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტების გაანგარიშების წესს; კ) ამტკიცებს პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულებას; ლ) უფლებამოსილია პროფესიულ ტესტირებასთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი; მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო პროფესიული განათლების სფეროში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ამ კანონით დადგენილი წესით: ა) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და ამტკიცებს მის წესდებას, ახორციელებს მის სახელმწიფო კონტროლს, რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორს; ბ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით აფუძნებს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს; გ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №792 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.259 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300 საქართველოს 2013 წლის 28 ივნისის კანონი № 7 80 – ვებგვერდი, 15 .07.2013წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3027 – ვებგვერდი, 11 .07.2018წ. მუხლი 15 1 . ( ამოღებულია) საქართველოს 2012 წლის 28 თებერვლის კანონი №5717 – ვებგვერდი, 01.03.2012წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1677 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3027 – ვებგვერდი, 11 .07.2018წ.
