1.ქვედა საიზოლაციო ფენა უნდა დაპროექტდეს როგორც ნაგავსაყრელის ფსკერისა და გვერდითი ფერდების საფარი სისტემა შემდეგი კომპონენტებით (ქვემოდან ზემოთ): ა) ქვედა საფენი; ბ) გაუმტარი მინერალური ფენა; გ) გეომემბრანა; დ) გეომემბრანის დამცავი ფენა; ე) სადრენაჟო სისტემა; ვ) შუალედური ფენა.
2.ფენის ცალკეული კომპონენტების სახეობა და სპეციფიკაცია დამოკიდებულია: ა) ბუნებრივი ძირის მიერ ნაგავსაყრელზე განთავსებული ნარჩენების მასით გამოწვეული გამონაჟონისა და მასთან დაკავშირებული დაბინძურების გადინების წინააღმდეგ გეოლოგიური ბარიერის ფუნქციის შესრულების შესაძლებლობებზე; ბ) ნარჩენების განთავსების შემოთავაზებული ტექნოლოგიასა და საოპერაციო პროცესებზე; გ) ნაგავსაყრელზე განთავსებული ნარჩენების გეოტექნიკურ თვისებებზე.
3.ნარჩენების სახეობისა და გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ზიანის მიყენების საფრთხის შეფასების საფუძველზე, სააგენტოს გადაწყვეტილებით, ფენის ცალკეული კომპონენტები (როგორიცაა გეომემბრანა, დამცავი ფენა და ქვედა საფენი) შეიძლება არ იყოს სავალდებულოდ გამოსაყენებელი.
4.ქვედა საიზოლაციო ფენა, გეოლოგიურ საფუძვლისა და გვერდით ფერდებთან ერთად, უნდა დაპროექტდეს საჭირო მზიდუნარიანობისა და მდგრადობის გათვალისწინებით, რათა გაუძლოს ნაგავსაყრელზე მოსალოდნელ სტრუქტურულ დატვირთვას.
5.თხრილებისა და ნაყარი ფერდობების გასწვრივ დასაგები ქვედა საიზოლაციო საფენი, გეომემბრანასა და მის დამცავ ფენასთან ერთად უნდა დაპროექტდეს ისე, რომ შენარჩუნებული იქნას დაცურების მიმართ მისი მდგრადობა. სანდოობის კოეფიციენტი უნდა დადგინდეს შემდეგი შემთხვევებისთვის: ა) დაცურება გეომემბრანასა და თიხის მინერალურ საფარს შორის არსებულ შეხების ზედაპირთან; ბ) დაცურება გეომემბრანასა და მის დამცავ საფარს შორის არსებულ შეხების ზედაპირთან.
6.საჭირო საპროექტო გათვლები მდგრადობის უზრუნველსაყოფად უნდა გაკეთდეს დატვირთვის სხვადასხვა ძირითადი კომბინაციებისთვის სეისმური ზემოქმედების გაუთვალისწინებლად. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ საპროექტო გათვლებში არადამაკმაყოფილებელი შედეგების მიღების შემთხვევაში უნდა მომზადდეს სანდოობის კოეფიციენტის საპროექტო სიდიდის მიღწევის მიზნით ტექნიკური ღონისძიებების შემდეგი გეგმები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ან კომბინირებით: ა) ფერდის დახრილობის შემცირება; ბ) ზედაპირული ხახუნის კოეფიციენტის გაზრდა ისეთი სტრუქტურირებული გეომემბრანების შერჩევის გზით, რომლებსაც შეუძლიათ ხახუნის სასურველი კოეფიციენტის უზრუნველყოფა დაცურების თავიდან ასაცილებლად; გ) მინერალური საფარის, დამცავი ფენის ან სადრენაჟო სისტემის ფენის გამაგრება გეობადით, რომლის პარამეტრებიც უნდა ემყარებოდეს საპროექტო გათვლებს.

