1.განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება.
2.ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა.
2¹.ამ კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საფუძვლის არსებობისას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება შეტანილი უნდა იქნეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) კანონიერ ძალაში შესვლიდან 3 თვის ვადაში, ხოლო ამ კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საფუძვლის არსებობისას − შესაბამისი კომიტეტის გადაწყვეტილების მიღებიდან 6 თვის ვადაში.
3.თუ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადება ამ კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტს ემყარება, განცხადების შეტანის ვადა იწყება იმ დღიდან, როცა გადაწყვეტილება ეცნობა მხარეს, თუ იგი ქმედუუნაროა – მის კანონიერ წარმომადგენელს, ხოლო თუ იგი არის მხარდაჭერის მიმღები, რომელსაც დაუწესდა მხარდაჭერა საპროცესო წარმომადგენლობის განსახორციელებლად, – მას ან მის მხარდამჭერს. აღნიშნული ვადის ათვლა იწყება უფრო გვიან ჩაბარებული გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან.
4.გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა დაუშვებელია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, გარდა ამ კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. (426-ე მუხლის მე-4 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შეეხება: ა) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით პირის მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ იმ პირობებში, როდესაც მხარემ ან მისმა წარმომადგენელმა არ იცოდა სასამართლოში მის წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოების შესახებ და ბ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუკი გაუქმდა სასამართლოს ის განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელსაც პრეიუდიციული ძალა ჰქონდა და არსებითად გადაწყვიტა სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში განსახილველი საკითხი, ძალადაკარგულად იქნა ცნობილი) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2024 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება №3/2/1400 – ვებგვერდი, 11.06.2024წ. (არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით პირის მიერ დასრულებული საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ იმ შემთხვევაში, როდესაც გამოძიება დაიწყო დასრულებული საქმის წარმოების განახლებისათვის დადგენილი 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადის პერიოდში, მაგრამ სისხლის სამართლის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 5-წლიანი აღმკვეთი ვადის ამოწურვის შემდეგ) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება №3/11/1689 – ვებგვერდი, 12.12.2025წ. საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3035 - სსმ I, №24, 10.05.2010წ., მუხ.163 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება №3/1/531– ვებგვერდი, 18.11.2013წ. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3340 – ვებგვერდი, 31.03.2015წ. საქართველოს 2016 წლის 27 აპრილის კანონი № 5012 - ვებგვერდი, 13.05.2016წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2024 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება №3/2/1400 – ვებგვერდი, 11.06.2024წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება №3/11/1689 – ვებგვერდი, 12.12.2025წ.

