1.საერთაშორისო აზარტული ტურნირის მოწყობის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელმა, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარდა, შემოსავლების სამსახურს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) საერთაშორისო აზარტული ტურნირის მოწყობის პირობები (რეგლამენტი). ამ პირობებში (რეგლამენტში) აღნიშნული უნდა იყოს: ა.ა) საერთაშორისო აზარტული ტურნირის დასახელება, მოწყობის ადგილი და ზუსტი განრიგი (დაწყებისა და დასრულების თარიღები და საათები); ა.ბ) გარანტირებული საპრიზო ფონდის ოდენობა და ფორმირების წესი; ა.გ) საერთაშორისო აზარტულ ტურნირში მონაწილეობის საფასურის ოდენობა ან/და მომსახურების საკომისიოს (არსებობის შემთხვევაში) ოდენობა; ა.დ) მოთამაშეების მაქსიმალური რაოდენობა და მინიმალური რაოდენობა; ა.ე) საერთაშორისო აზარტული ტურნირის მოწყობისთვის გამოსაყენებელი კლუბის მაგიდების ჩამონათვალი (მასში მითითებული უნდა იყოს თითოეული კლუბის მაგიდის სახელწოდება, საქარხნო ნომერი, დამზადების წელი, დამზადების ქვეყანა და მწარმოებელი); ა.ვ) საერთაშორისო აზარტული ტურნირის მოწყობის დეტალური წესები, მათ შორის: ა.ვ.ა) თამაშების ჩამონათვალი, დეტალური აღწერილობა და სტრუქტურა; ა.ვ.ბ) გამარჯვებულის/გამარჯვებულების გამოვლენის პრინციპი; ა.ვ.გ) საპრიზო ადგილების რაოდენობა და საპრიზო ფონდის განაწილების პროცენტული სქემა; ა.ვ.დ) მოგების გაცემის წესი, ვადა და ადგილი; ა.ვ.ე) მოთამაშეების რეგისტრაციის/იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის ფორმა და წესი; ა.ვ.ვ) პრეტენზიის განხილვის წესი და ვადა. პრეტენზიის განხილვის ვადა პრეტენზიის წარმოშობიდან 30 კალენდარულ დღეს არ უნდა აღემატებოდეს; ა.ზ) გარანტირებული საპრიზო ფონდის დაფარვის ფინანსური გარანტია საქართველოს მთავრობის აქტით განსაზღვრული ოდენობით; ბ) ნებართვის მაძიებლის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის, დამფუძნებლის/პარტნიორის (არსებობის შემთხვევაში), ბენეფიციარი მესაკუთრის ნასამართლობის შესახებ ცნობა. ეს ცნობა გაცემული უნდა იყოს იმ ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ, რომლის მოქალაქეც არის ნებართვის მაძიებლის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირი, დამფუძნებელი/პარტნიორი (არსებობის შემთხვევაში), ბენეფიციარი მესაკუთრე.
2.საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია დაადგინოს საერთაშორისო აზარტული ტურნირის მოწყობის ნებართვის გაცემის დამატებითი პირობები. ამ პირობების შეუსრულებლობა სანებართვო პირობების დარღვევად მიიჩნევა.
3.საერთაშორისო აზარტული ტურნირის მოწყობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია ყოველი ახალი საერთაშორისო აზარტული ტურნირის მოწყობისთვის თანხმობის მისაღებად შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საერთაშორისო აზარტული ტურნირის მოწყობის პირობები (რეგლამენტი). საქართველოს 2026 წლის 28 ოქტომბრის კანონი №1904/1 – ვებგვერდი, 30.10.2026წ.

