1.დაუშვებელია პარლამენტის წევრის სტატუსთან სამეწარმეო საქმიანობის ან სახელმწიფო სამსახურში რაიმე თანამდებობის შეთავსება. შეუთავსებლობის შემთხვევები განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“, „მეწარმეთა შესახებ“, ამ და სხვა კანონებით.
2.სამეწარმეო საქმიანობასთან პარლამენტის წევრის სტატუსის შეუთავსებლობის მოთხოვნები არ ხელყოფს საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ საკუთრების უფლებას. ის შეიძლება ფლობდეს აქციებს, წილს და სხვა ქონებას.
3.პარლამენტის წევრს უფლება არა აქვს: ა) უშუალოდ განახორციელოს არაერთჯერადი საქმიანობა მოგების მიზნით მატერიალური ფასეულობებისა და ფინანსური საშუალებების სამართავად; ბ) უშუალოდ განახორციელოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო და საკონსულტაციო ორგანოს წევრის უფლებამოსილებანი; გ) იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი, ეკავოს თანამდებობა სხვა სახელმწიფო ან თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში.
4.პარლამენტის წევრი იმავდროულად შეიძლება ეწეოდეს სამეცნიერო, პედაგოგიურ, სახელოვნებო საქმიანობას, თუ ასეთი საქმიანობა არ ითვალისწინებს ადმინისტრაციულ ფუნქციებს. ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულება გულისხმობს სამეცნიერო, სასწავლო, სახელოვნებო დაწესებულებებში თანამდებობის პირის მიერ საკადრო, დისციპლინურ და სხვა საკითხებზე ადმინისტრაციული გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილებას.
5.პარლამენტის წევრი იმავდროულად შეიძლება ეწეოდეს პარტიულ საქმიანობას, ეკავოს ნებისმიერი თანამდებობა პარტიულ და საზოგადებრივ ორგანიზაციებში.
6.ახალარჩეული პარლამენტის წევრი ვალდებულია უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან შეწყვიტოს შეუთავსებელი სამსახური (საქმიანობა). თუ პარლამენტის მიერ მისი უფლებამოსილების დადასტურებამდე პარლამენტის წევრმა არ შეწყვიტა პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი სამსახური (საქმიანობა), პარლამენტი არ ადასტურებს მის, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილებას. თავი II. პარლამენტის წევრის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია საქართველოს 1999 წლის 5 თებერვლის კანონი №1801 - სსმ I, №3(10), 19.02.1999 წ., მუხ.17 საქართველოს 2008 წლის 2 ოქტომბრის კანონი №312 - სსმ I, №24, 20.10.2008 წ., მუხ.158
