„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის
მუხლი 12. საკუთრება დაცულ ტერიტორიებზე
1. დაცულ ტერიტორიებზე ბუნებრივი რესურსების ფლობის, განკარგვისა და სარგებლობის დაშვებული ფორმები განისაზღვრება მათი კატეგორიებისა და ტერიტორიულ- ფუნქციონალური ზონების მიხედვით.
2. სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის, ბუნების ძეგლისა და აღკვეთილის ტერიტორიები და ამ ტერიტორიებზე არსებული ბუნებრივი რესურსები მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაა. დაუშვებელია ამ ტერიტორიებისა და მათზე არსებული ბუნებრივი რესურსების ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის სარგებლობაში გადაცემა, გარდა ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონისა, მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით განსაზღვრული აღკვეთილის ცალკეული უბნებისა და ამ მუხლის 2 1 −2 5 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2 1 . ბუნების ძეგლის მიზნობრივი დანიშნულების გათვალისწინებით შესაძლებელია ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ბუნების ძეგლის სარგებლობაში გადაცემა, მხოლოდ ეკოტურიზმისა და რეკრეაციული მიზნებისთვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2 2 . ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში და აღკვეთილის ცალკეულ უბნებში დაშვებულია მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს წარდგინების საფუძველზე ადგილობრივი მოსახლეობისათვის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით დადგენილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სათიბი და საძოვარი) მიწის ნაკვეთის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემა არაუმეტეს 10 წლისა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2 3 . ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ზონაში, ვიზიტორთა ზონასა და ტრადიციული გამოყენების ზონაში, ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე და აღკვეთილის ცალკეულ უბნებში დაშვებულია ფიზიკური პირისა და იურიდიული პირისთვის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით განსაზღვრული ვიზიტორთა ინფრასტრუქტურის ობიექტის მშენებლობის მიზნით, ამავე მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით დადგენილი საბაზისო არქიტექტურულ-სამშენებლო და ტექნიკური პარამეტრებისა და ობიექტის სპეციალიზებული მიზნობრივი დანიშნულების ფარგლებში მიწის ნაკვეთის ოპტიმალური ფართობის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სასყიდლიანი აღნაგობის ფორმით სარგებლობაში გადაცემა არაუმეტეს 49 წლისა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აღნაგობის უფლების გასხვისებაზე ან გაქირავებაზე მიწის ნაკვეთის მესაკუთრის თანხმობის პირობით. 2 4 . დაცულ ტერიტორი ა ზე დაშვებულია ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურის ობიექტის (გარდა მიწისა) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ფორმით სარგებლობაში გადაცემა. 2 5 . ეროვნული პარკის ადმინისტრაციულ ზონასა და ტრადიციული გამოყენების ზონაში, აღკვეთილის ცალკეულ უბნებში, დაცულ ლანდშაფტში და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე დაშვებულია კავშირგაბმულობის საკომუნიკაციო ნაგებობის განთავსება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 2 6 . საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით განსაზღვრულ შემთხვევებში ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონასა და აღკვეთილის ცალკეულ უბნებში დაშვებულია ტერიტორიის სპეციალური დანიშნულებით სარგებლობაში გაცემა: ა) წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის, ჰიდროკვანძების, მილსადენების, გზების, ელექტროგადამცემი კომუნიკაციების, ელექტრონული ქსელებისა და არხების მშენებლობისთვის/დემონტაჟისთვის/ფუნქციონირებისთვის ან ამისთვის საჭირო საპროექტო ან/და საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოების შესასრულებლად; ბ) გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ობიექტზე საავარიო-აღდგენითი სამუშაოების შესასრულებლად, თუ ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაუდებელი აუცილებლობა გამოწვეულია სტიქიური უბედურებით ან/და სხვა ფორსმაჟორული გარემოებით, რომელსაც ახლავს ინფრასტრუქტურის ან მისი ცალკეული ელემენტების განადგურება ან იმგვარი დაზიანება, რომელმაც მისი ფუნქციონირების შეზღუდვა/შეწყვეტა გამოიწვია; გ) წიაღის შესასწავლად ან/და მოსაპოვებლად (მხოლოდ მიწისქვეშა წყლების, მათ შორის, მიწისქვეშა მინერალური წყლების, ნახშირჟანგის შესასწავლად/მოსაპოვებლად ან/და ამ კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში); დ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეკონსტრუქციისთვის (რეაბილიტაციისთვის) და მათი მოვლის ღონისძიებების განხორციელებისთვის, არქეოლოგიური სამუშაოებისა და არქეოლოგიური გათხრების ჩასატარებლად, არქეოლოგიური დაზვერვის განსახორციელებლად; ე) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის ღონისძიებების, აგრეთვე სახელმწიფო თავდაცვის საჭიროებებიდან გამომდინარე ღონისძიებების განსახორციელებლად; ვ) განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განსახორციელებლად; ზ) ხეების შესაძლო წაქცევით ინფრასტრუქტურის ან მისი ცალკეული ელემენტების ფუნქციონირების შეზღუდვის ან მისი/მათი დაზიანების რეალური საფრთხის არსებობისას ცალკეული ხე-მცენარეების მოჭრის მიზნით ან სტიქიური უბედურების ან გეოლოგიური პროცესების (ქვათაცვენა, მეწყერი, ღვარცოფი და სხვა) თავიდან აცილების მიზნით პროექტის განსახორციელებლად საჭირო ინფრასტრუქტურული ელემენტების მშენებლობისთვის/ფუნქციონირებისთვის (მათ შორის, რეკონსტრუქციისთვის, რეაბილიტაციისა და დემონტაჟისთვის) ან ამისთვის საჭირო საპროექტო ან/და საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოების შესასრულებლად. 2 7 . ტერიტორიას სპეციალური დანიშნულებით სარგებლობაში გასცემს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − დაცული ტერიტორიების სააგენტო მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე. ტერიტორიით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობა ექვემდებარება ერთჯერად კომპენსირებას, გარდა ამ მუხლის 2 6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
