„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის
მუხლი 5. ფინანსური ანგარიშგება და მისი მომზადებისა და შედგენის ძირითადი პრინციპები
1. სუბიექტი ფინანსურ ანგარიშგებას ამზადებს ამ კანონის შესაბამისად, თუ შესაბამისი სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამასთანავე, მეოთხე კატეგორიის საწარმოსა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფინანსური ანგარიშგებები მზადდება მხოლოდ მათთვის დადგენილი ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების შესაბამისად.
2. სუბიექტი ფინანსურ ანგარიშგებას ამზადებს სულ მცირე წელიწადში ერთხელ.
3. სუბიექტის მიერ შედგენილი ფინანსური ანგარიშგება უნდა იყოს სრული, სწორი და სამართლიანი. იგი შესადარი პერიოდისთვის უნდა ასახავდეს სუბიექტის ფინანსურ მდგომარეობას, საქმიანობის შედეგებს, ფულადი სახსრებისა და კაპიტალის მოძრაობას და განმარტებით შენიშვნებს. ფინანსურ ანგარიშგებაში მოცემული ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებით განსაზღვრულ ფუნდამენტურ ხარისხობრივ მახასიათებლებს.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფინანსური ანგარიშგებების შედგენის, მათ შორის, მათი კონსოლიდირების, წესს განსაზღვრავს სუბიექტის მიერ ამ კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად სუბიექტისათვის დადგენილი ან მის მიერ არჩეული ფინანსური ანგარიშგების სტანდარტი, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
