1.სოფლის, თემის, დაბის, ქალაქის და იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება: ა) მე-12 მუხლით გათვალისწინებული საკრებულოს ზოგადი უფლებამოსილება; ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა დებულებების მიღება, მათში ცვლილებების შეტანა და მათი შესრულების კონტროლი; გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის წესების დადგენა; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადგილობრივი სამსახურებისა და შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოების შექმნა, მათი რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია; ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგილობრივი თვითმმართველობის საბინაო და არასაცხოვრებელი ფონდის შექმნისა და განკარგვის წესების დადგენა; ვ) კომუნალური მეურნეობის ელექტროენერგიით, გაზით, წყლით მომარაგებისა და ლოკალური სამელიორაციო სისტემების აღდგენა-განვითარების პროგრამების დამტკიცება; ზ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაქვემდებარებული ტერიტორიის კეთილმოწყობისა და გამწვანების პროგრამებისა და გეგმების დამტკიცება, ადგილობრივი ტყის ფონდის დაცვის წესების დადგენა; თ) შიდა სარგებლობის გზების შეკეთების, რეკონსტრუქციისა და მშენებლობის გეგმების დამტკიცება; ი) მოსახლეობის სამედიცინო დახმარების, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების დამტკიცება; კ) მართვის ტერიტორიული ორგანოს შექმნა და გაუქმება, მისი საზღვრების დადგენა და შეცვლა; ლ) თვითმმართველი ერთეულის სახელით დადებული შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების დამტკიცება.
2.იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, საკრებულოს უფლებამოსილებას აგრეთვე განეკუთვნება: ა) მოსახლეობის სატრანსპორტო საშუალებებით მომსახურების წესების დამტკიცება; ბ) პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმების განხილვა და დამტკიცება; გ) განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურის, სპორტისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება; დ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის განკარგვის სტრატეგიული გეგმის დამტკიცება, ტერიტორიული ზონირების განსაზღვრა და საზღვრების დამტკიცება, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრა.
3.სოფლის, თემის, დაბის, ქალაქის და იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, საკრებულოს განსაკუთრებულ უფლებამოსილებას განეკუთვნება საკრებულოს თავმჯდომარის (გამგებლის), გამგეობის (მთავრობის) ან გამგეობის (მთავრობის) ცალკეული წევრისათვის უნდობლობის გამოცხადება. უნდობლობის გამოცხადების საკითხის დასმის საფუძველია შესაბამისი თანამდებობის პირის მიერ ისეთი ქმედების ჩადენა, როგორიცაა: საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა, სახელმწიფოს ღალატი ან სხვა სისხლის სამართლის დანაშაული, აგრეთვე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, ხოლო მთლიანად გამგეობისათვის (მთავრობისათვის) უნდობლობის გამოცხადების საკითხის დასმის საფუძველია გამგეობის (მთავრობის) მიერ ამ კანონით დადგენილ უფლებამოსილებათა განუხორციელებლობა. უნდობლობის გამოცხადების საკითხის დასმის უფლება აქვს საკრებულოს წევრთა არანაკლებ 1/3-ს. უნდობლობის გამოცხადების საკითხი საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში რიგგარეშე შეიტანება, თუ დაყენებულ წინადადებას მხარს დაუჭერს საკრებულოს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. უნდობლობის გამოცხადების შემდეგ გამგებლის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე. გამგეობა (მთავრობა) ან გამგეობის (მთავრობის) წევრი ითვლება გადამდგარად და ის ასრულებს თავის უფლებამოსილებებს შესაბამისად გამგეობის (მთავრობის) ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე ან გამგეობის (მთავრობის) ახალი წევრის დანიშვნამდე.
4.იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, და ქალაქის, რომელშიც ამომრჩეველთა რაოდენობა 5000-ზე მეტია, საკრებულო უფლებამოსილია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე დასვას ქალაქის მერის (გამგებლის) უფლებამოსილების შეწყვეტის [ (ქ. ფოთის მერის თანამდებობიდან გათავისუფლების) - (ძალადაკარგულია - 16.02.05 №1/2/213,243)]. საკითხი. საკითხის დასმის საფუძველია მერის (გამგებლის) მიერ ისეთი ქმედების ჩადენა, როგორიცაა: საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა, სახელმწიფოს ღალატი ან სხვა სისხლის სამართლის დანაშაული, აგრეთვე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა. საკითხის დასმის უფლება აქვს საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის 1/3-ს. საკითხი საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში რიგგარეშე შეიტანება, თუ დაყენებულ წინადადებას მხარს დაუჭერს საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 2/3.
5.სოფლის, თემის, დაბის და ქალაქის, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 5000-ზე ნაკლებია, გამგებლისათვის უნდობლობის გამოცხადების შემთხვევაში ამ კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით საკრებულოს თავმჯდომარის დადგენილ უფლებამოსილებას ახორციელებს შესაბამისი საკრებულოს მდივანი.
6.უნდობლობის გამოცხადების საკითხზე გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში საკითხი იმავე მოტივით საკრებულოს წინაშე შეიძლება დაისვას მხოლოდ ამ საკითხზე პირველი კენჭისყრის ჩატარებიდან 6 თვის შემდეგ. საქართველოს 2001 წლის 2 აგვისტოს ორგანული კანონი №1045 - სსმ I, №25, 22.08.2001 წ., მუხ.106 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2005 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება №1/2/213,243 - სსმ IV, №5, 22.02.2005 წ., გვ.2

