პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება
მუხლი 7. საჯარო დაწესებულების სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა
1. საჯარო დაწესებულების სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა გულისხმობს 2 ან 2-ზე მეტი საჯარო დაწესებულების ფუნქციებისა და ამოცანების ერთ საჯარო დაწესებულებაში გაერთიანებას.
2. საჯარო დაწესებულების შერწყმის ინიციირება ხდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესისა და პროცედურების დაცვით, საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე ან საერთო ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება ეგზავნება საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულს თითოეული მოხელისათვის შეტყობინების მიზნით და ეცნობება ბიუროს.
4. საჯარო დაწესებულების შერწყმა ხორციელდება მისი დაფუძნების სამართლებრივი აქტის თანაბარი ან იერარქიულად ზემდგომი სამართლებრივი აქტით და სრულდება ამ აქტის კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლით, ხოლო თუ ხორციელდება ისეთი საჯარო დაწესებულებების შერწყმა, რომლებიც სხვადასხვა სახის სამართლებრივი აქტებით არის დაფუძნებული – უპირატესი იურიდიული ძალის მქონე სამართლებრივი აქტის თანაბარი იურიდიული ძალის მქონე სამართლებრივი აქტით.
5. საჯარო დაწესებულებების შერწყმისას განისაზღვრება იმ საჯარო დაწესებულებების უფლებამონაცვლე, რომელთა შერწყმაც განხორციელდა.
