1.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე სამუშაოდ მიიღება ქმედუნარიანი პირი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) არის საქართველოს მოქალაქე; ბ) ფლობს სახელმწიფო ენას; გ) მიაღწია 18 წლის ასაკს; დ) მიღებული აქვს სრული ზოგადი ან უმაღლესი განათლება; ე) პიროვნული და საქმიანი თვისებების, ჯანმრთელობის მდგომარეობის და ფიზიკური მომზადების გათვალისწინებით შეუძლია დაკისრებული ფუნქციების შესრულება; ვ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის/მინისტრის სამართლებრივი აქტით დადგენილ სხვა მოთხოვნებს.
2.იმ შემთხვევაში, თუ საშტატო ერთეულით გათვალისწინებული თანამდებობა მაქსიმალური ზღვრული წოდების სახით ითვალისწინებს უმცროს სპეციალურ წოდებას, მაშინ აღნიშნულ თანამდებობაზე მისაღებ/დასანიშნ კანდიდატს უნდა ჰქონდეს მინიმუმ სრული ზოგადი განათლება, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
3.ვაკანტურ თანამდებობაზე პირი მოსამსახურედ მიიღება/ინიშნება გამოსაცდელი ვადით ან მის გარეშე. საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ იმ თანამდებობაზე დანიშვნისას, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭებას, პირს გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ მიენიჭება სამოქალაქო უსაფრთხოების სახელმწიფო სპეციალური წოდება ამ წესის მე-20 მუხლით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით. საჯარო მოსამსახურედ/სამოქალაქო პირად პირი შეიძლება დაინიშნოს სპეციალური კონკურსის გარეშე.
4.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მოსამსახურის მიღებისას ვრცელდება ამ წესის 22-ე და 24-ე მუხლებით დადგენილი წესი.
5.უმაღლესი განათლება არ მოეთხოვება: ა) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის საშტატო ნუსხით განსაზღვრულ თანამდებობაზე (გარდა განყოფილების უფროსზე მაღალი რანგის თანამდებობისა) მისაღებ მოსამსახურეს; ბ) სააგენტოს სასწავლო ცენტრში (სამმართველოში) საშტატო ნუსხით განსაზღვრულ თანამდებობაზე (გარდა ცენტრის (სამმართველოს) უფროსისა და მოადგილისა) მისაღებ მოსამსახურეს, რომელსაც აქვს შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
6.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტში სამმართველოს უფროსის ან/და სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე სრული ზოგადი განათლების მქონე პირი შეიძლება დაინიშნოს დასაბუთებული წარდგინებითა და სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით მხოლოდ ერთ-ერთი შემდეგი განსაკუთრებული გარემოების არსებობისას: ა) კანდიდატის პიროვნული თვისებების, გამოცდილების, პროფესიული უნარ-ჩვევებისა და სამსახურის პერიოდში მიღწევების გათვალისწინებით; ბ) სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე.
6¹.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტში მთავარი სამმართველოს უფროსის ან/და მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე, მინისტრის თანხმობით, სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, შეიძლება დაინიშნოს სრული ზოგადი განათლების მქონე პირი მხოლოდ შემდეგი გარემოების არსებობისას: ა) აქვს შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება; ბ) გავლილი აქვს სახანძრო ან/და სამაშველო მიმართულების რომელიმე სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, სპეციალური მომზადების, გადამზადების ან/და კვალიფიკაციის ამაღლების კურსი/პროგრამა; გ) პიროვნული თვისებების, გამოცდილების, პროფესიული უნარ-ჩვევებისა და სამსახურის პერიოდში მიღწევების გათვალისწინებით.
6².იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი თანამდებობა ითვალისწინებს როგორც სპეციალური წოდებით, ასევე საჯარო მოხელედ ან სამოქალაქო პირად მიღების შესაძლებლობას, მაშინ ამ მუხლით განსაზღვრული, განათლებასთან დაკავშირებული მოთხოვნები ვრცელდება საჯარო მოხელისა და სამოქალაქო პირის მიმართაც.
7.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში კონკრეტული თანამდებობისთვის, მისი ფუნქციებისა და შესასრულებელი სამუშაოს თავისებურებების გათვალისწინებით, სამსახურის უფროსის ბრძანებით შეიძლება განისაზღვროს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 19 მარტის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 20.03.2020წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 6 მაისის ბრძანება №48 - ვებგვერდი, 10.05.2022 წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №64 - ვებგვერდი, 24.08.2023წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 27 მარტის ბრძანება №19 - ვებგვერდი, 28.03.2024წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 8 მაისის ბრძანება №38 - ვებგვერდი, 08.05.2025წ.

