1.შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე მოსამსახურეთა (გარდა სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა) თითოეული თანამდებობა შეესაბამება თითო კარიერულ საფეხურს და ნაწილდება შემდეგ იერარქიულ რანგებში: ა) პირველი რანგი – მაღალი მმართველობითი დონე; ბ) მეორე რანგი – საშუალო მმართველობითი დონე; გ) მესამე რანგი – უფროსი სპეციალისტის დონე; დ) მეოთხე რანგი – უმცროსი სპეციალისტის დონე.
2.პირველი რანგი არის ყველაზე მაღალი იერარქიული რანგი, ხოლო მეოთხე რანგი – ყველაზე დაბალი იერარქიული რანგი.
3.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ იერარქიულ რანგებში თანამდებობები ნაწილდება თითოეული თანამდებობის ფუნქციების შესაბამისი შემდეგი ფაქტორების მიხედვით: ა) პასუხისმგებლობა; ბ) მოვალეობათა შესრულების სირთულე; გ) კომპეტენციები; დ) აუცილებელი კვალიფიკაცია; ე) სამუშაო გამოცდილება.
4.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურის თანამდებობის მიმართ მოქმედებს შემდეგი იერარქია: ა) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობა; ბ) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობა; გ) მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობა; დ) პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა; ე) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა; ვ) მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა; ზ) პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობა; თ) მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობა; ი) მესამე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობა.
5.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოსამსახურის ამა თუ იმ თანამდებობისადმი კუთვნილება განისაზღვრება საშტატო განრიგით, ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, რაც წარმოადგენს თანამდებობის/პოზიციის ფუნქციური დატვირთვის/ეკვივალენტური ფუნქციური დატვირთვის განსაზღვრას.

