1.მშენებლობის ორგანიზების პროექტი არის სამშენებლო სამუშაოების მწარმოებლისათვის შესასრულებლად სავალდებულო დოკუმენტი. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მშენებლობის ორგანიზების პროექტის „ე“ ქვეპუნქტი სამშენებლო დოკუმენტის პროექტის განუყოფელი ნაწილია.
2.მშენებლობის ორგანიზების პროექტში დეტალურად უნდა იქნეს ასახული მშენებლობის განხორციელების პირობები, მათ შორის: ა) სამშენებლო სამუშაოების დაწყების დღე; ბ) ამ დადგენილებით განსაზღვრული მშენებლობის ეტაპები და ხანგრძლივობა, კერძოდ – მინიმ უმ 10 ეტაპი; გ) სამშენებლო მოედნის გამიჯვნის გეგმა – მ 1:200 ან 1:100; დ) საჭიროების შემთხვევაში, სამშენებლო მოედანზე სამშენებლო ტექნიკისა და საშენი მასალებისათვის განკუთვნილი ადგილი; ე) მშენებლობის განხორციელების გრაფიკი მშენებლობის ეტაპების გათვალისწინებით; ვ) დროებითი შენობა-ნაგებობების განთავსების ადგილები; ზ) უსაფრთხოების უზრუნველყოფის მეთოდები და ღონისძიებები; თ) დაფარული სამუშაოების, დათვალიერებისა და გამოცდის აქტების ჩამონათვალი, რაც მშენებლობის პროცესის დროს უნდა შედგეს.
3.მშენებლობის წარმოების დროს საზოგადოებრივი სივრცის შეზღუდვის შემთხვევაში, მშენებლობის ორგანიზაციის პროექტში უნდა აისახოს მსგავსი სამუშაოების (მაგ.: სამშენებლო ტექნიკით ბეტონის მიწოდება) განხორციელების ოპტიმალური ვადა და დრო.
4.მშენებლობის ორგანიზაციის პროექტში, საჭიროების შემთხვევაში, უნდა აისახოს სპეციალური ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს მომიჯნავე შენობა-ნაგებობების მდგრადობას/სიმტკიცეს და არ გამოიწვევს მათი მდგრადობის/სიმტკიცის გაუარესებას.
5.საერთაშორისო ან/და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და მათზე განთავსებული საინჟინრო ნაგებობების მშენებლობის შემთხვევაში, მშენებლობის ორგანიზების პროექტი არ მოითხოვება. ამ შემთხვევაში სამშენებლო სამუშაოების წარმოება ხორციელდება სამშენებლო საპროექტო დოკუმენტაციისა და სამუშაოების მწარმოებლის მიერ მომზადებული სამუშაოების პროგრამის შესაბამისად. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 დეკემბრის დადგენილება №748 – ვებგვერდი, 15.12.2020წ. თავი XIII სამშენებლო დოკუმენტის დასაშვები ცვლილება და სამშენებლო დოკუმენტის დარღვევა

