1.სოციალური დახმარების ოდენობა შეადგენს ერთი სემესტრის სწავლის ღირებულებას, მაგრამ არა უმეტეს 1125 ლარისა. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი სწავლობს ერთზე მეტ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე, დაფინანსებას მოიპოვებს მხოლოდ ერთ პროგრამაზე, მისი არჩევანის შესაბამისად.
2.გასაცემი სოციალური დახმარების ოდენობა გაანგარიშდება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სოციალური დახმარების ოდენობას გამოკლებული სახელმწიფოს მიერ გაცემული სახელმწიფო სასწავლო/სასწავლო სამაგისტრო გრანტის ოდენობა ან სხვა სახელმწიფო დაფინანსების პროგრამების ფარგლებში მოპოვებული საგრანტო/პროგრამული დაფინანსება.
3.ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დახმარება არ გამორიცხავს ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დახმარების მიღებას.
4.ამ პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარება გაიცემა: ა) 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის ანაზღაურების მიზნით; ბ) 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში 2020 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილი სწავლის საფასურის დავალიანების დაფარვის მიზნით.
5.ამ წესით გათვალისწინებული სოციალური დახმარების სხვა მიზნით გამოყენება დაუშვებელია.
6.საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ჩარიცხული სოციალური დახმარება ექვემდებარება უკან დაბრუნებას: ა) თუ სოციალურად დაუცველი სტუდენტი უარს განაცხადებს ასეთი სოციალური დახმარების მიღებაზე; ბ) თუ საგანმანათლებლო პროცესთან დაკავშირებული წესების შესაბამისად, სოციალური დახმარების გამოყენებას ვერ ახორციელებს მიმღები საგანმანათლებლო დაწესებულება; გ) თუ დახმარების მიღების მიუხედავად, სტუდენტი ვერ ახერხებს სწავლის გაგრძელებას 2020- 2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში; დ) თუ თანხა ზედმეტად ან არასწორად გაცემულია ტექნიკური ან დამუშავებისას დაშვებული შეცდომის გამო.
7.საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის გადასარიცხი თანხის გაანგარიშების, ასევე გადარიცხული თანხის (სოციალური დახმარების) უკან დაბრუნების წესი და პირობები რეგულირდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

