1.სოციალური პაკეტი შეჩერდება ქვემოთ ჩამოთვლილი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან: ა) ბენეფიციარის მიერ სოციალური პაკეტის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობა, ანუ როდესაც არ ხდება მისი კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანა ზედიზედ 6 თვის განმავლობაში. ასევე იმ გარემოების არსებობა, როდესაც საბანკო ანგარიშებიდან თანხები გაიცემა მინდობილობით და მინდობილობის გაცემიდან 1 წლის გასვლის შემდეგ არ მომხდარა მინდობილობის განახლება. აგრეთვე ისეთი გარემოების არსებობა, როდესაც პირი ახორციელებს სარგებლის დეპოზიტზე გადატანას და 1 წლის გასვლის შემდეგ პირადად არ მიუმართავს საბანკო დაწესებულებისათვის შესაბამისი განცხადებით. ამ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ამ წესის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე; ბ) პირის წინასწარ პატიმრობაში ყოფნისას; გ) (ამოღებულია - 30.12.2024, №460); დ) სხ ვა საფუძვლით, თუ ის გამომდინარეობს კანონმდებლობიდან.
2.შეჩერებული სოციალური პაკეტი განახლდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და ანაზღაურდება მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა, სოციალური პაკეტის შეჩერების თვიდან, გარდა იმ შემთხვევისა, თუ შეჩერების პერიოდში განხორციელდა სოციალური პაკეტის შეწყვეტა: ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − ბენეფიციარის მიერ სააგენტოსათვის სოციალური პაკეტის განახლების თაობაზე განცხადების წარდგენის შემდეგ; ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის აღმოფხვრის შემთხვევაში, სოციალური პაკეტი განახლდება განახლების თაობაზე განცხადების წარდგენის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, ხოლო პირისათვის გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, ანაზღაურდება მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა, სოციალური პაკეტის შეჩერების დღიდან განცხადებისა და უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) წარდგენის შემდეგ; გ) თუ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირს სოციალური პაკეტი შეჩერებული აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ ან „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით და სოციალური პაკეტის განახლებისას წარდგენილია დოკუმენტი შეზღუდული შესაძლებლობის სხვა სტატუსის შესახებ, სოციალური პაკეტი განახლდება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტის წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის ანაზღაურდება: შეზღუდული შესაძლებლობის ახალი სტატუსის მინიჭებამდე არსებული სტატუსის მოქმედების ვადაში – სტატუსის შესაბამისი კატეგორიისათვის განსაზღვრული თანხის ოდენობით, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის ახალი სტატუსის მინიჭების მომდევნო თვიდან – შესაბამისი კატეგორიისათვის განსაზღვრული თანხის ოდენობით; დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სოციალური პაკეტის შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ.
3.სოციალური პაკეტის შეჩერების წყაროა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში, გასაცემლის გამც ემი საბანკო დაწესებულება, ხოლო პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახური, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტოს აწვდის შეთანხმებული ფორმატით, სააგენტოსთან გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად.
4.(ამოღებულია - 30.12.2024, №460). საქართველოს მთავრობის 2015 წლის 25 ივნისის დადგენილება №295 - ვებგვერდი, 26.06.2015წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №683- ვებგვერდი, 31.12.2018წ. საქართველოს მთავრობის 2024 წლის 15 იანვრის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 17.01.2024წ. საქართველოს მთავრობის 2024 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №460 - ვებგვერდი, 30.12.2024წ.

