მუხლი 42. რეგულირებული შეთანხმების შეწყვეტა
1. რეგულირებული შეთანხმების შეწყვეტის საფუძვლებია: ა) რეგულირებული შეთანხმების შესაბამის ვადაში შესრულება; ბ) რეგულირებული შეთანხმების დარღვევა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დარღვევა უმნიშვნელოა ან რეგულირებულ შეთანხმებაში შეტანილია ცვლილება ამ კანონის 38-ე მუხლით დადგენილი წესით.
2. რეგულირებული შეთანხმების ნებისმიერი შესაბამისი საფუძვლით შეწყვეტიდან არაუგვიანეს 30 დღისა რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველი ვალდებულია რეგულირებული შეთანხმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინება გაუგზავნოს მოვალის ყველა კრედიტორს, რომლებზედაც ვრცელდებოდა რეგულირებული შეთანხმება.
3. რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველი ვალდებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შეტყობინებაში მიუთითოს რეგულირებული შეთანხმების შეწყვეტის საფუძველი.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შეტყობინებას უნდა დაერთოს რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის მიერ მომზადებული ანგარიში, რომელიც შეიცავს: ა) ინფორმაციას რეგულირებულ შეთანხმებასთან დაკავშირებით განხორციელებული გადახდებისა და მიღებული თანხების (შემოსულობების) შესახებ; ბ) რეგულირებული შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის შესახებ ახსნა-განმარტებას.
5. რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველი ვალდებულია კრედიტორებისთვის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების გაგზავნიდან 30 დღის ვადაში სასამართლოს წარუდგინოს აღნიშნული შეტყობინებისა და მისთვის დართული ანგარიშის ასლები.
6. კრედიტორებისთვის გაგზავნილი, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინებისა და მისთვის დართული ანგარიშის ასლების სასამართლოსთვის წარდგენის შემდეგ რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის უფლებამოსილება წყდება.
7. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის დარღვევა უმნიშვნელოა, როდესაც შეუსრულებელი ვალდებულება არ აღემატება რეგულირებული შეთანხმებით გათვალისწინებული მთლიანი ვალდებულებების 5 პროცენტს, ხოლო მისი შესრულების ვადის გადაცილება − 10 კალენდარულ დღეს. თავი III გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება
მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში
მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც
