მუხლი 5. კრედიტორთა მოთხოვნები
1. კრედიტორული მოთხოვნა არის ვალი ან ვალდებულების შესრულების მოთხოვნა, რომელიც შეიძლება ფულადი სახით გამოიხატოს, რომლის შესრულების ვალდებულება ან შესრულებისთვის პასუხისმგებლობა გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის მომენტისთვის მოვალეს ეკისრება და რომელიც, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიცავს ვადამოსულ მოთხოვნებს, დაუზუსტებელ მოთხოვნებს, პირობით მოთხოვნებსა და ვადამოუსვლელ (სამომავლო) მოთხოვნებს.
2. კრედიტორს უფლება აქვს, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე შეტყობინების მიღებიდან 30 დღის ვადაში მიმართოს მმართველს/რეაბილიტაციის ზედამხედველს (არსებობის შემთხვევაში) და წარუდგინოს მას კრედიტორული მოთხოვნა, თუ ის განსხვავდება მოვალის მიერ აღიარებული მოთხოვნის ოდენობისგან. ეს ვადა შეიძლება აღდგენილ იქნეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად. ამ ვადის გასვლის შემდეგ წარდგენილი ნებისმიერი მოთხოვნა დაგვიანებულად მიიჩნევა.
3. კრედიტორს, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად შეტყობინება არ გაეგზავნა, უფლება აქვს, მოთხოვნა წარადგინოს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების თაობაზე შეტყობიდან 30 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანიდან 1 წლისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გასულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა.
4. მმართველს/რეაბილიტაციის ზედამხედველს უფლება აქვს, მოთხოვნის ოდენობისა და მისი ნამდვილობის შესამოწმებლად კრედიტორისგან დამატებითი ინფორმაცია და მტკიცებულებები გამოითხოვოს.
5. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის წარდგენა ან გაზრდა დაუშვებელია. მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი აღნიშნულ მოთხოვნას კრედიტორთა რეესტრში შეიტანს არაუმეტეს იმ ოდენობით, რომელიც აღიარებულია მოვალის მიერ და სადავო არ გამხდარა.
6. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს საპენსიო ფონდი (შემდგომ − საპენსიო ფონდი) ამ კანონის მიზნებისთვის არ არის კრედიტორი. „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მონაწილის საკუთრებაში არსებულ საპენსიო აქტივებთან მიმართებით კრედიტორი/კრედიტორები არის/არიან შესაბამისი მონაწილე ან მონაწილის მემკვიდრე/მემკვიდრეები. ამ კანონის შესაბამისად რეაბილიტაციის მმართველის ან/და გაკოტრების მმართველის მიმართვის შემთხვევაში საქართველოს საპენსიო ფონდი ვალდებულია აღნიშნულ პირს/პირებს მიაწოდოს ელექტრონულ სისტემაში არსებული ინფორმაცია შესაბამისი დამსაქმებლის მიერ განხორციელებული საპენსიო შენატანების შესახებ, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისგან − შემოსავლების სამსახურისგან მიღებულ მონაცემებთან შედარების შედეგად მიღებული ინფორმაცია „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3607 – ვებგვერდი, 20.11.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4315 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.
მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში
მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც
