მუხლი 24. შენატანის განხორციელების წესი და ვადა
1. შენატანი უნდა განხორციელდეს კანონითა და წესდებით დადგენილი წესით და განსაზღვრულ ვადაში.
2. ფულადი შენატანი განხორციელებულად მიიჩნევა ფულის/თანხის სამეწარმეო საზოგადოების მიერ გახსნილ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის მომენტიდან.
3. არაფულადი შენატანი განხორციელებულად მიიჩნევა საკუთრების უფლების გადაცემისთვის საჭირო, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოქმედებების შესრულების მომენტიდან.
4. თუ არაფულადი შენატანის განხორციელების დროს მისი ღირებულება შეთანხმებული შენატანის ოდენობაზე ნაკლებია, პარტნიორი ვალდებულია შეთანხმებული შენატანის ღირებულება ფულადი სახით შეავსოს.
5. თუ სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, კომანდიტურ საზოგადოებაში ან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში არაფულადი შენატანის ღირებულება მისი განხორციელების დროს აღემატება შეთანხმებული შენატანის ოდენობას, პარტნიორი უფლებამოსილია მოითხოვოს სხვაობის ფულადი სახით დაბრუნება, ხოლო საზოგადოება უფლებამოსილია ამ ვალდებულების შესრულება გადაავადოს არაუმეტეს 1 წლით, თუკი მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.
მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში
მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც
