მუხლი 73. შერწყმის/გაყოფის რეგისტრაცია
1. შერწყმის/გაყოფის რეესტრში რეგისტრაციის შესახებ განცხადება მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს შერწყმის/გაყოფის გეგმის გამოქვეყნებიდან 1 თვის შემდეგ. ამ ვადის დაცვა სავალდებულო არ არის, თუ ყველა პარტნიორი წერილობით უარს განაცხადებს შესაბამისი უფლების გამოყენებაზე. კრედიტორთა უფლებები განისაზღვრება ამ კანონის 74-ე მუხლით.
2. შერწყმის/გაყოფის რეესტრში რეგისტრაციის შესახებ განცხადებას უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები: ა) შერწყმის/გაყოფის გეგმა; ბ) შემძენი სამეწარმეო საზოგადოების წესდებაში ცვლილებები ან ახლად დაფუძნებული სამეწარმეო საზოგადოების წესდება; გ) საერთო კრების გადაწყვეტილება, რომლითაც დამტკიცდა შერწყმის/გაყოფის გეგმა, აგრეთვე საერთო კრების ოქმი (არსებობის შემთხვევაში); დ) არსებობის შემთხვევაში − გადაწყვეტილება ახლად დაფუძნებული სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელი პირებისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების არჩევის შესახებ; ე) არსებობის შემთხვევაში − დამოუკიდებელი აუდიტორის ანგარიში; ვ) არსებობის შემთხვევაში − შერწყმის/გაყოფის ანგარიში; ზ) სახელმწიფო დაწესებულების ან სხვა კომპეტენტური ორგანოს თანხმობა შერწყმაზე/გაყოფაზე, თუ ეს საქართველოს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული.
3. თუ შერწყმა/გაყოფა იწვევს ახალი სამეწარმეო საზოგადოების დაფუძნებას, შერწყმის/გაყოფის რეესტრში რეგისტრაციის შესახებ განცხადებას უნდა დაერთოს ყველა სხვა დოკუმენტი და მონაცემი, რომლებიც საჭიროა შესაბამისი სამართლებრივი ფორმის სამეწარმეო საზოგადოების დაფუძნებისთვის.
4. შერწყმა/გაყოფა ძალაში შედის მისი რეგისტრაციის მომენტიდან. შერწყმის/გაყოფის რეგისტრაციის შემდეგ შერწყმის/გაყოფის შესახებ სამეწარმეო საზოგადოების გადაწყვეტილების ბათილობაზე მითითება დაუშვებელია.
5. შერწყმის/გაყოფის რეგისტრაციასთან ერთად მიერთებული სამეწარმეო საზოგადოების ან დაყოფილი სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრაცია უქმდება.
6. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს თანხმობა.
მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში
მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც
