1.ავარიული სახლების ჩანაცვლების მიზნით დაინტერესებული პირები პროექტის განმახორციელებელს მიმართავს განცხადებით, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
2.განცხადებას თან უნდა დაერთოს: ა) დაინტერესებული პირების წერილობითი თანხმობა ავარიული სახლის ჩანაცვლების თაობაზე. ამასთან, თუ დაინტერესებულ პირთაგან რომელიმე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტია, მათი თანხმობა სავალდებულო არ არის; ბ) ინფორმაცია შესაბამისი მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდის, ფართობისა და მდებარეობის შესახებ; გ) შენობა-ნაგებობის ამსახველი ფოტოები.
3.განცხადების მიღების შემდეგ, პროექტის განმახორციელებელი დაინტერესებული პირების ჩართულობით აზუსტებს შემდეგ ინფორმაციას: ა) დაინტერესებული პირები წარმოადგენენ ჩასანაცვლებელ ავარიული სახლის მესაკუთრეებს; ბ) ჩასანაცვლებელი ავარიული სახლი ავარიულობის ხარისხის მიხედვით მიეკუთვნება V, IV ან III კატეგორიას, რაც დასტურდება შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხის (შესაბამისი კატეგორიით) დამადასტურებელი დოკუმენტით, გაცემული სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ ან სხვა აკრედიტირებული ექსპერტიზის ორგანოს მიერ; გ) დაინტერესებული პირების საკუთრების ობიექტის მოცულობას ჩასანცვლებელ ავარიულ სახლში.
4.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის დაზუსტების შემდეგ, პროექტის განმახორციელებელი უზრუნველყოფს ჩასანაცვლებელი ავარიული სახლის ნაცვლად ახალი შენობა-ნაგებობის კონცეპტუალური დიზაინ-პროექტისა და დეტალური საპროექტო-საინჟინრო მომსახურების შესყიდვას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5.ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფუძველზე მომზადებული პროექტი, პროექტის განმახორციელებლის მიერ თანხმდება დაინტერესებულ პირებთან. ამასთან, აუცილებელია დაინტერესებული პირების თანხმობა, რომ: ა) ავარიული სახლის ჩანაცვლების შედეგად შენობა-ნაგებობის საერთო ფართის გაზრდის შემთხვევაში, თუ გაზრდილი ფართობი იზოლირებულია და შესაძლებელია მისი დამოუკიდებლად ფუნქციონირება, ისინი უარს აცხადებენ და არ ექნებათ პრეტენზია დამატებით ფართზე ან სხვა მოთხოვნაზე (მათ შორის, გაზრდილი ფართის მუნიციპალიტეტის საკუთრებად დარეგისტრირებაზე); ბ) ამ წესის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის დადგომისას, არ წარმოეშობათ რაიმე მოთხოვნის უფლება; გ) ავარიული სახლის ჩანაცვლების შემდეგ დაინტერესებული პირის მიერ მისაღებ ფართზე (მიუხედავად ფართის სხვაობისა), იპოთეკის უფლება გავრცელდება უცვლელად.
6.პროექტის განმახორციელებელი უფლებამოსილია, დაინტერესებულ პირებს საჭიროების შემთხვევაში მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ან შესაბამისი პირობების შესრულება, ავარიული სახლების ჩანაცვლებასთან დაკავშირებით.
7.ავარიული სახლების ჩანაცვლების მიზნით წარდგენილი დოკუმენტების სისწორისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება განაცხადის წარმდგენ პირ(ებ)ს.
8.ავარიული სახლების ჩანაცვლებაზე უარის თქმის საფუძველია ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების წარმოუდგენლობა ან არასწორი დოკუმენტების წარმოდგენა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №13-77 - ვებგვერდი, 10.08.2022 წ. თავი III ავარიული სახლების ჩანაცვლების წესი

