1.ავარიული სახლების ჩანაცვლება დაიშვება თუ დაკმაყოფილებულია ყველა შემდეგი პირობა: ა) შენობა-ნაგებობა არის ავარიული და ავარიულობის ხარისხი მიეკუთვნება V, IV ან III კატეგორიას; ბ) შენობა-ნაგებობის ჩანაცვლებაზე არსებობს დაინტერესებული პირების თანხმობა და წარმოდგენილია განცხადება ამ წესის მე-6 მუხლის შესაბამისად.
2.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის თანხმობით, პროექტის განმახორციელებელი უფლებამოსილია ავარიული სახლის ჩანაცვლების საკითხი სხვა მიწის ნაკვეთზე განიხილოს დაინტერესებულ პირთა სრული თანხმობის გარეშე.
3.ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განხორციელებული მშენებლობის შედეგად წარმოშობილი ფართები გამოყენებული იქნება მხოლოდ ამავე მშენებლობის განხორციელების და ავარიული საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეთა დაკმაყოფილების მიზნით.
4.დაინტერესებული პირების თანხმობა არ იქნება მიჩნეული არასრულად, თუ მას არ ახლავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივში საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის – პრივატიზაციის ხელშეკრულების მხარედ აღრიცხული იმ პირის წერილობითი ნება, რომელიც არაიდენტიფიცირებადი სუბიექტია.
5.ავარიულ სახლში საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მესაკუთრის ან ტექნიკური აღრიცხვის არქივში საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის – პრივატიზაციის ხელშეკრულების მხარედ აღრიცხული პირის გარდაცვალებისას, კანონით დადგენილი წესით სამკვიდრო მოწმობის გაცემამდე, დასაშვებია სამკვიდროს მმართველმა გამოხატოს ნება ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების პროექტში მონაწილეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 იანვრის დადგენილება №21-1 - ვებგვერდი, 30.01.2023 წ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 20 ოქტომბრის დადგენილება №31-79 - ვებგვერდი, 23.10.2023 წ.

