1.საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის – მეურვის (შემდგომ − მეურვე) უფლებამოსილების ვადის გასვლამდე, როგორც წესი, არაუადრეს 45 კალენდარული დღისა და არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, ხოლო მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში − როგორც წესი, არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესაბამისი კვოტის მქონე სუბიექტი პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს მეურვეობის კანდიდატს და ამ პირის წერილობით თანხმობას მეურვედ არჩევის შესახებ. მეურვის 1 თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტს მხოლოდ 1 პირი წარედგინება. თუ პირი მეურვედ ასარჩევად პარლამენტს არასათანადო სუბიექტმა წარუდგინა ან სათანადო სუბიექტმა პარლამენტს მეურვის 1 თანამდებობაზე ასარჩევად ერთზე მეტი პირი წარუდგინა, არცერთი ეს პირი მეურვეობის კანდიდატად წარდგენილად არ მიიჩნევა.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წარდგინება და თანდართული დოკუმენტები დაუყოვნებლივ გადაეცემა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს. პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, როგორც წესი, 2 კვირის ვადაში შეისწავლის და განიხილავს მეურვეობის კანდიდატის კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას და სათანადო შედეგს თავის დასკვნაში ასახავს. მეურვეობის კანდიდატი და მისი წარმდგენი სუბიექტი ვალდებული არიან პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს საჭირო ინფორმაცია სრულყოფილად და დროულად მიაწოდონ. ამასთანავე, აღნიშნული კომიტეტი უფლებამოსილია მოიძიოს ან/და გადაამოწმოს საჭირო ინფორმაცია მეურვეობის კანდიდატის შესახებ.
3.პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი თავის საჯარო სხდომაზე უსმენს მეურვეობის კანდიდატს. მეურვეობის კანდიდატი ვალდებულია პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს გააცნოს თავისი კონცეფცია საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების შესახებ და უპასუხოს კომიტეტის სხდომაზე დასმულ შეკითხვებს. პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი მეურვეობის კანდიდატის კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესწავლისა და განხილვის საფუძველზე, აგრეთვე მეურვეობის კანდიდატის კომიტეტის საჯარო სხდომაზე მოსმენის შედეგად გასცემს რეკომენდაციას მეურვეობის კანდიდატის მეურვედ არჩევის შესახებ ან მის მეურვედ არჩევაზე უარის თქმის თაობაზე. ეს რეკომენდაცია აღნიშნული კომიტეტის დასკვნაში აისახება.
4.მეურვეობის კანდიდატის საჯარო სხდომაზე მოსმენის შემდეგ პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი თავის დასკვნას მეურვეობის კანდიდატის წერილობით თანხმობასა და სხვა სათანადო დოკუმენტებთან ერთად წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. აღნიშნული კომიტეტის დასკვნა და სხვა დოკუმენტები ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე. პარლამენტის ბიუროს მეურვის არჩევის საკითხი შეაქვს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში.
5.პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე მართავს კენჭისყრას მეურვეობის კანდიდატის მეურვედ ასარჩევად. საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქციის კვოტით წარდგენილი მეურვეობის კანდიდატი მეურვედ აირჩევა, თუ მას კენჭისყრისას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედი, ხოლო სხვა სუბიექტის კვოტით წარდგენილი მეურვეობის კანდიდატი მეურვედ აირჩევა, თუ მას კენჭისყრისას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ კენჭისყრის შედეგად მეურვეობის კანდიდატი მეურვედ ვერ აირჩა, მისი წარმდგენი სუბიექტი, როგორც წესი, არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა ამ მუხლის შესაბამისად პარლამენტს მეურვეობის ახალ კანდიდატს წარუდგენს. ამის შემდეგ ამ მუხლით განსაზღვრული პროცედურები ხელახლა ტარდება.
6.მეურვეობის კანდიდატს ან მის წარმდგენ სუბიექტს უფლება აქვს, ამ მუხლით განსაზღვრული პროცედურების დასრულებამდე უარი თქვას მეურვედ მის არჩევაზე. აღნიშნული უარის სათქმელად მეურვეობის კანდიდატი ან მისი წარმდგენი სუბიექტი პარლამენტს სათანადო წერილობითი განცხადებით მიმართავს. ამ შემთხვევაში მეურვეობის აღნიშნული კანდიდატის მიმართ შეწყდება ამ მუხლით განსაზღვრული პროცედურები, ხოლო მისი წარმდგენი სუბიექტი, როგორც წესი, არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა ამ მუხლის შესაბამისად პარლამენტს მეურვეობის ახალ კანდიდატს წარუდგენს. ამის შემდეგ ამ მუხლით განსაზღვრული პროცედურები ხელახლა ტარდება. საქართველოს პარლამენტის 2026 წლის 10 ივნისის რეგლამენტი №1683 – ვებგვერდი, 12.06.2026წ.

