12.1. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის უმაღლესი ორგანოა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება (შემდგომში - “საერთო კრება”).
12.2. საერთო კრება: ა) დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით ამტკიცებს ასოციაციის წესდებას (წესდების ახალ რედაქციას) და შეაქვს მასში ცვლილებები და დამატებები (14.11.2021); ბ) ფარული კენჭისყრით, დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით ირჩევს ასოციაციის თავმჯდომარეს (14.11.2021); გ) ფარული კენჭისყრით ირჩევს წინამდებარე წესდების 14.2. მუხლით დადგენილი წესით აღმასრულებელი საბჭოს, წინამდებარე წესდების 21-ე მუხლით დადგენილი წესით ეთიკის კომისიის და წინამდებარე წესდების 25.4 მუხლით დადგენილი წესით სარევიზიო კომისიის წევრებს; დ) ფარული კენჭისყრით დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით ათავისუფლებს ასოციაციის თავმჯდომარეს, აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის წევრებს (14.11.2021); ე) დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით ამტკიცებს ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსს და “ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ” დებულებას (14.11.2021); ვ) ისმენს აღმასრულებელი საბჭოს, ასოციაციის ეთიკისა და სარევიზიო კომისიების თავმჯდომარეთა ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ; ზ) დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით აწესებს ფიქსირებულ საწევრო გადასახადის ოდენობას (14.11.2021); თ) დამსწრეთა უმრავლესობით, აღმასრულებელი საბჭოს წარდგინებით, ამტკიცებს ასოციაციის სიმბოლიკას; ი) დამსწრეთა უმრავლესობით, აღმასრულებელი საბჭოს წარდგინებით, ამტკიცებს ადვოკატის მანტიის ფორმას; კ) დამსწრეთა უმრავლესობით აღმასრულებელი საბჭოს წარდგინებით, ადგენს ადვოკატის წახალისების ფორმებს და წესს; ლ) ღია კენჭისყრით, დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით, ირჩევს ხმის დამთვლელ კომისიას, 15 წევრის შემადგენლობით. ხმის დამთვლელი კომისიის წევრებად არჩეულად ითვლებიან ის კანდიდატები, რომლებიც მიიღებენ სხვა კანდიდატებზე მეტ ხმას. კანდიდატების მიერ ხმების თანაბარი რაოდენობის მიღების შემთხვევაში, თუ მათი რაოდენობა აღემატება ასარჩევ წევრთა რაოდენობას, არჩეულად ჩაითვლება ასოციაციაში უფრო ადრე გაწევრიანებული კანდიდატი (14.11.2021).

