13.1. საერთო კრება იმართება წელიწადში სულ მცირე ერთხელ და იგი უფლებამოსილია თუ მას ესწრება ასოციაციის არანაკლებ 800 წევრი. ქვორუმის არარსებობის შემთხვევაში, 2 კვირის ვადაში, მოიწვევა განმეორებითი საერთო კრება, რომელიც უფლებამოსილია მიუხედავად დამსწრე წევრთა რაოდენობისა.
13.2. საერთო კრება გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრით წარმოდგენილ წევრთა უბრალო უმრავლესობით, თუ “ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონით და ამ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
13.3. საერთო კრების მოწვევისა და კრების თავმჯდომარეობის უფლებამოსილება გააჩნია ასოციაციის თავმჯდომარეს ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ არჩეულ პირს საბჭოს შემადგენლობიდან.
13.4. რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის მოთხოვნისა და დღის წესრიგში ცვლილებების შეტანის უფლებამოსილება გააჩნიათ ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს, სარევიზიო კომისიას, ეთიკის კომისიას ან ასოციაციის წევრების არანაკლებ 10 (ათი) პროცენტს.
13.5. ასოციაციის თავმჯდომარე უზრუნველყოფს წესდების 13.4. პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ მოთხოვნილი რიგგარეშე კრების მოწვევას და შემოთავაზებული საკითხების შეტანას დღის წესრიგში. ასოციაციის თავმჯდომარის მიერ ამ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში წესდების 13.4. მუხლში აღნიშნულ პირებს აქვთ უფლება თვითონ მოწვიონ საერთო კრება.
13.6. ასოციაციის თავმჯდომარე, უზრუნველყოფს დღის წესრიგის შემუშავებას და ასოციაციის წევრებისთვის გასაცნობად წარდგენას.
13.7. ასოციაციის საერთო კრება, როგორც წესი, ტარდება შაბათ ან კვირა დღეს.
13.7¹. პანდემიის ან სხვა განსაკუთრებული ვითარების არსებობისას, საერთო კრების გამართვა და კრების მიერ გადაწყვეტილებების მიღება შეიძლება განხორციელდეს წევრთა დისტანციური დასწრებით (სპეციალური ვებ-პლატფორმის/ელექტრონული პორტალის მეშვეობით), გარდა ამ წესდებით გათვალისწინებული ფარული კენჭისყრით მისაღები გადაწყვეტილებებისა. წევრთა დისტანციური დასწრებით საერთო კრების გამართვის წესი და პროცედურები განისაზღვრება საერთო კრების რეგლამენტით (14.11.2021).
13.8. ასოციაციის კრება ტარდება კრების მოწვევის შესახებ განცხადების და დღის წესრიგის ბეჭდვით ორგანოში ან/და ასოციაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან არაუადრეს 14 და არაუგვიანეს 30 დღისა.
13.9. ამ წესდების 13.4 პუნქტში დასახელებულ პირებს შეუძლიათ მოითხოვონ ცვლილებების და დამატებების შეტანა დღის წესრიგში კრების მოწვევის შესახებ განცხადების და დღის წესრიგის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 7 დღისა. აღნიშნული წესით შესატანი ცვლილებები უნდა გამოქვეყნდეს 3 დღის ვადაში.
13.10. ასოციაციის საერთო კრების მსვლელობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს კრების თავმჯდომარე.

