1.ბრალდებული/მსჯავრდებული შეიძლება დასაქმებულ იქნეს პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ან/და მის გარეთ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილ საწარმოში.
2.პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ საწარმოში, როგორც წესი, დასაქმებული უნდა იყოს მხოლოდ ბრალდებული/მსჯავრდებული. გამონაკლის შემთხვევაში, როდესაც, საწარმოს საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საჭიროა ისეთი სამუშაოს შესრულება, რომლის შესაბამისი კვალიფიკაცია ბრალდებულს/მსჯავრდებულს არ აქვს, ან როდესაც ასეთი კვალიფიკაციის ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოკლე დროში მომზადება შეუძლებელია, აგრეთვე როდესაც სამუშაოს შესასრულებლად საჭიროა პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიიდან სისტემატური გასვლა, შესაძლებელია საწარმოში შრომითი ხელშეკრულებით მოწვეულ იქნეს გარეშე პირი (არაბრალდებული/არამსჯავრდებული).
3.ბრალდებული/მსჯავრდებული საწარმოში დასაქმდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, პენიტენციური დაწესებულების ორგანიზაციული მონაწილეობით. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, პენიტენციური დაწესებულების მიერ შეთავაზებული სამუშაოებიდან ამოირჩიოს მისთვის შესაფერისი სამუშაო.
4.საწარმოსა და სამსახურს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლითაც საწარმო კისრულობს ვალდებულებას, რომ მისი საქმიანობა დაექვემდებარება იმ პენიტენციური დაწესებულების დებულებით დადგენილ მოთხოვნებს, რომლის ტერიტორიაზედაც ის ფუნქციონირებს. ასეთივე ვალდებულება ეკისრება საწარმოში დასაქმებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რაც უნდა აისახოს მის მიერ საწარმოსთან დადებულ შრომით ხელშეკრულებაში. საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332 საქართველოს 2016 წლის 27 აპრილის კანონი №5015 - ვებგვერდი, 13.05.2016წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3128 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.

