1.ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შრომითი საქმიანობა ხორციელდება ამ კოდექსითა და საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით. აკრძალულია ბრალდებულის/მსჯავრდებულის იძულება, შეასრულოს ისეთი სამუშაო, რომელიც ლახავს ადამიანის პატივსა და ღირსებას.
2.ბრალდებული/მსჯავრდებული მუშაობს პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ან/და მის გარეთ, თუ პენიტენციურ დაწესებულებას აქვს მისი დასაქმების შესაძლებლობა.
3.ბრალდებული/მსჯავრდებული შეიძლება დასაქმებულ იქნეს აგრეთვე პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფო ან არასახელმწიფო დაწესებულებაში.
3¹.პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ან პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფო დაწესებულებაში დასაქმებული ბრალდებული/მსჯავრდებული არ არის საჯარო მოსამსახურე და მასზე არ ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება.
4.იმ სამუშაოთა ჩამონათვალი, რომელთა შესასრულებლად ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასაქმება აკრძალულია, განისაზღვრება პენიტენციური დაწესებულების დებულებით.
5.ბრალდებული/მსჯავრდებული შესრულებული სამუშაოსათვის იღებს ხელფასს საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად. ბრალდებულის/მსჯავრდებულის შრომის ანაზღაურების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
6.ბრალდებულს/მსჯავრდებულს ხელფასი ერიცხება პირად საბანკო ანგარიშზე. ხელფასის სრული განკარგვის უფლება ბრალდებულს/მსჯავრდებულს მიეცემა გათავისუფლებისას. მას უფლება აქვს, ეს თანხა თავისი შეხედულებისამებრ გადაუგზავნოს ახლო ნათესავებსა და სხვა პირებს. საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332 საქართველოს 2014 წლის 16 აპრილის კანონი №2241 - ვებგვერდი, 02.05.2014წ. საქართველოს 2016 წლის 27 აპრილის კანონი №5015 - ვებგვერდი, 13.05.2016წ.

