1.ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ საკუთარი თავის, სხვისი და ქონების დაზიანების თავიდან აცილების, პენიტენციურ დაწესებულებაში დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევის აღკვეთის, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის, თავდასხმის მოგერიების, ჯგუფური დაუმორჩილებლობის ან/და მასობრივი არეულობის აღკვეთის მიზნით, დასაბუთებული გადაწყვეტილებით ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი უსაფრთხოების ღონისძიებები: ა) სპეციალური საშუალებების გამოყენება; ბ) სხვა ბრალდებულთაგან/მსჯავრდებულთაგან მისი განცალკევება; გ) დროებით სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა; დ) არაუმეტეს 24 საათით სამარტოო საკანში მოთავსება.
2.უსაფრთხოების ღონისძიების განხორციელება წყდება დაუყოვნებლივ, იმ საფრთხის აღმოფხვრისთანავე, რომლის აღსაკვეთადაც ეს ღონისძიება გამოიყენებოდა.
3.პენიტენციურ დაწესებულებაში ან ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაყვანისას/გადაყვანისას და ექსტრადიციისას უსაფრთხოების ღონისძიების განხორციელების სხვა პირობები და გარემოებები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
4.უსაფრთხოების ღონისძიების განხორციელების შემდეგ შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელობა სამედიცინო პერსონალთან ერთად ბრალდებულს/მსჯავრდებულს დაუყოვნებლივ უტარებს სამედიცინო შემოწმებას. ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის სამედიცინო შემოწმების ჩატარების შესახებ დგება შესაბამისი აქტი. ამ აქტის ფორმა მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.
5.დაუშვებელია უსაფრთხოების ღონისძიების ბრალდებულის/ მსჯავრდებულის დასჯის მიზნით გამოყენება. საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332 საქართველოს 2014 წლის 16 აპრილის კანონი №2241 - ვებგვერდი, 02.05.2014წ. საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3523 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.

