შენი ბრენდის სახელი არ არის შენი, სანამ სასაქონლო ნიშნად არ დაარეგისტრირებ
როგორ კარგავენ კომპანიები მათ მიერვე შექმნილ ბრენდებს, და რატომ არის პრევენციული რეგისტრაცია თითოეული ბიზნესის სტრატეგიული ვალდებულება.
ბიზნესის წამოწყებისას მეწარმეთა ყურადღება, ბუნებრივია, მახვილდება პროდუქტის შემუშავებაზე, ბაზრის დაპყრობასა და შემოსავლის გამომუშავებაზე. ბრენდის სამართლებრივი დაცვა კი, ხშირად, მეორეხარისხოვან, „მოგვიანებით მოსაგვარებელ" საკითხად განიხილება. სწორედ ეს დამოკიდებულება ხდება სამომავლო რისკებისა და პრობლემების წყარო.
ეს ბლოგი სასაქონლო ნიშნების სამართლის სისტემატურ მიმოხილვას ემსახურება. საერთაშორისო პრაქტიკის, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და ქართული სამართლებრივი კონტექსტის გათვალისწინებით. მიზანია არა მხოლოდ ინფორმაციის გაზიარება, არამედ კონკრეტული გაფრთხილება: თქვენი ბრენდი, თუ არ არის დარეგისტრირებული, შეიძლება გახდეს ძალიან მარტივად სხვისი.
სასაქონლო ნიშანი (trademark) არის ნებისმიერი ნიშანი, რომელიც ერთი ეკონომიკური სუბიექტის საქონელს ან მომსახურებას სხვა სუბიექტის საქონლისა თუ მომსახურებისგან განასხვავებს. სასაქონლო ნიშნის ძირითადი ფუნქცია სამი ასპექტისგან შედგება: წარმომავლობის ფუნქცია (მომხმარებელი იდენტიფიცირებს, ვინ წარმოადგინა პროდუქტი), ხარისხის გარანტიის ფუნქცია (ბრენდი ასოცირდება კონკრეტულ სტანდარტთან) და სარეკლამო ფუნქცია (ნიშანი ბრენდის ეკონომიკური ღირებულების მატარებელია).
I. „პირველი გამოყენების" მითი
ყველაზე გავრცელებული და ყველაზე სახიფათო მცდარი წარმოდგენა ასე ჟღერს: „მე ეს სახელი პირველი გამოვიყენე, ამიტომ ჩემია."
ეს ლოგიკა, თუმცა ინტუიციურია, სამართლებრივ რეალობასთან მხოლოდ ნაწილობრივ შეესაბამება. საქართველოში, ევროკავშირის ქვეყნებში და მსოფლიოს აბსოლუტური უმრავლესობის სამართლებრივ სისტემაში მოქმედებს „პირველი რეგისტრაციის" პრინციპი. ეს ნიშნავს, რომ ვინც პირველი დარეგისტრირდა, სამართლებრივი უპირატესობა მასთანაა, გამოყენების ისტორიის მიუხედავად.
ადამიანებს ხშირად ჰგონიათ, რომ ბრენდი მათ ეკუთვნის, რადგანაც ისინი გახდნენ ცნობილი. სინამდვილეში, ბაზარზე ცნობადობა სამართლებრივ დაცვას ვერ ანაცვლებს
სწორი ბრენდის სახელის შერჩევა, სამართლებრივი სტრატეგიის ნაწილია და ბიზნეს-გადაწყვეტილების მიღებამდე ყურადღების ღირსია. აუცილებელია ნიშნის რეგისტრაციის განაცხადის გაკეთებამდე, შესწავლილ იქნას ბაზარი, უკვე არსებული ნიშანი არსებობს თუ არა. ამასთან, ყურადღება უნდა გამახვილდეს არა იდენტურ ნიშანზე, არამედ მსგავსსზეც, რადგან თუ სამომავლო ნიშანი, უკვე რეგისტრირებული ნიშნის იდენტური ან/და მსგავსია, ასევე იწვევს მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას, ეს ნიშანი რეგისტრაციას არ დაექვემდებარება.
Anheuser-Busch v. Budějovický Budvar - „Budweiser"-ის ათწლიანი ომი
ეს, ალბათ, ყველაზე ხანგრძლივი სასაქონლო ნიშნის დავაა ისტორიაში. ამერიკული ლუდის გიგანტი Anheuser-Busch და ჩეხური სახელმწიფო სასმელ-წარმოება Budějovický Budvar (Budvar) ათწლეულების განმავლობაში ჩხუბობდნენ „Budweiser" სახელზე. შედეგი? ორივე კომპანია „Budweiser"-ის სახელით ლუდს ყიდის, მხოლოდ სხვადასხვა ქვეყანაში.
ევროპის მართლმსაჯულების სასამართლომ (ECJ) და ინგლისის სასამართლოებმა განმეორებით დაადასტურეს, რომ სასაქონლო ნიშანი ტერიტორიულია: ამ ორ კომპანიას ერთი და იგივე სახელი კომფლიქტის გარეშე ფუნქციონირებს სხვადასხვა ბაზარზე.
რეგისტრაცია ყოველ ქვეყანაში ცალ-ცალკე დასჭირდება. გლობალური ბიზნეს-სტრატეგია გლობალური IP-სტრატეგიასაც ითხოვს.
Nice-ის კლასიფიკაცია - 45 კლასი, ერთი სისტემა
სასაქონლო ნიშანი რეგისტრირდება კონკრეტულ კლას(ებ)ში. 1957 წლის Nice-ის შეთანხმებით შემოღებული Nice International Classification of Goods and Services 45 კლასისგან შედგება: 34, საქონლის კლასი, 11, მომსახურების კლასი.
სწორი კლასების შერჩევა სტრატეგიული გადაწყვეტილებაა და ხშირად სპეციალისტის დახმარებას საჭიროებს. ზედმეტი კლასი უბრალოდ ზედმეტი ფულის გადახდას იწვევს, რადგან ყოველდამატებით კლასზე, შესაბამისი თანხაა გადასახდელი. შესაბამისად, სწორი კლასის შერჩევა ასევე კომპეტენციას მოითხოვს.







