საქართველოს კანონმდებლობით საბანკო ანგარიშების გახსნისა და დახურვის წესი დეტალურად და ამომწურავად არის რეგულირებული. მიუხედავად ამისა, პრაქტიკაში კვლავ გვხვდება შემთხვევები, როდესაც კომერციული ბანკები მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს სცილდებიან და საბანკო ანგარიშების დახურვის საკითხს არასწორი სამართლებრივი საფუძვლებით წყვეტენ.
მოქმედი საბანკო ანგარიშის დახურვის წესს განსაზღვრავს საქართველოს კანონი „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“. აღნიშნული კანონის 21-ე პრიმა მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ბანკი უფლებამოსილია კლიენტს დაუხუროს ანგარიში იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი უარს აცხადებს კანონით გათვალისწინებული ინფორმაციის ან დოკუმენტაციის მიწოდებაზე. საუბარია იმ მონაცემებსა და ცნობებზე, რომელთა მოთხოვნის საფუძველიც გამომდინარეობს როგორც საქართველოს კანონმდებლობიდან, ასევე საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის გაფორმებული საერთაშორისო შეთანხმებებიდან და შესაბამისი საერთაშორისო ვალდებულებებიდან.
შესაბამისად, როდესაც კლიენტი სრულყოფილად თანამშრომლობს ბანკთან, კეთილსინდისიერად ავსებს შესაბამის კითხვარებს, წარადგენს მოთხოვნილ დოკუმენტაციას და დამატებითაც გამოთქვამს მზაობას, ნებისმიერ დროს მიაწოდოს ბანკს საჭირო ინფორმაცია, ცხადია, ანგარიშის დახურვის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც კომერციულ ბანკებს ერთმანეთში ერევათ ანგარიშის გახსნაზე უარის თქმისა და უკვე მოქმედი ანგარიშის დახურვის სამართლებრივი მექანიზმები. კერძოდ, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე პრიმა მუხლის მე-4 პუნქტი მართლაც ანიჭებს ბანკს უფლებას, ანგარიშის გახსნაზე უარი განაცხადოს დასაბუთების გარეშე. თუმცა აღნიშნული ნორმა არ ვრცელდება უკვე გახსნილ და მოქმედ საბანკო ანგარიშებზე, რომელთა დახურვის საკითხი დამოუკიდებელი სამართლებრივი რეგულირების საგანია.
ამასთანავე, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებით დამტკიცებულია საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის ინსტრუქცია. აღნიშნული ინსტრუქციის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი განსაზღვრავს იმ შემთხვევებს, როდესაც შესაძლებელია საბანკო ანგარიშის დახურვა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აღნიშნული საკითხი მკაფიოდ და დეტალურად არის დარეგულირებული.
მიუხედავად ამისა, პრაქტიკაში ბანკები ხშირად მიუთითებენ მხოლოდ „ბანკის შიდა პოლიტიკაზე“ ან „ბანკის შიდა სტანდარტებზე“ და სწორედ ამ საფუძვლით ასაბუთებენ ანგარიშის დახურვის გადაწყვეტილებას. მსგავსი განმარტება თავისთავად ვერ ჩაითვლება საკმარის სამართლებრივ საფუძვლად, ვინაიდან კერძო ორგანიზაციის შიდა დოკუმენტი ვერ შეცვლის ან გააფართოებს კანონით დადგენილ წესებსა და საფუძვლებს.
სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტური პრინციპია, რომ ნებისმიერი უფლება განხორციელდეს მისი დანიშნულების შესაბამისად, კეთილსინდისიერად და სამართლიანად. წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილი ექნება უფლების ბოროტად გამოყენებას. როდესაც ანგარიშის დახურვის გადაწყვეტილება ემყარება მხოლოდ ბუნდოვან და არაკონკრეტულ მითითებას არაფრისმთქმელ „შიდა პოლიტიკაზე“, შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებების სათანადო შესწავლისა და სამართლებრივი დასაბუთების გარეშე, ლოგიკურია ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე გვაქვს სწორედ უფლების არაკეთილსინდისიერ გამოყენებასთან.
თუ დავუშვებთ, რომ ბანკს მხოლოდ საკუთარი „შიდა პოლიტიკის“ საფუძველზე შეუძლია მოქმედი ანგარიშების დახურვა, ეს პრაქტიკულად შექმნის ისეთ ვითარებას, როდესაც კერძო სუბიექტი თვითონ განსაზღვრავს საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებს, უგულებელყოფს მომხმარებლის ინტერესებს, თავს არიდებს ინდივიდუალური გარემოებების შეფასებას და ფაქტობრივად თავისუფლდება კანონით დადგენილი შეზღუდვებისგან. ასეთი მიდგომა შეუთავსებელია როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებთან, ასევე სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობასთან და სამართლებრივი უსაფრთხოების მოთხოვნებთან.
გარდა ამისა, „ბანკის შიდა პოლიტიკის“ საფუძველზე ჩამოყალიბებული სტანდარტული სახელშეკრულებო პირობები შეფასებას საჭიროებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 346-ე მუხლის ჭრილში. აღნიშნული ნორმის თანახმად, ბათილია ხელშეკრულების სტანდარტული პირობა, რომელიც კეთილსინდისიერებისა და ნდობის პრინციპების საწინააღმდეგოდ არსებითად აზიანებს ხელშეკრულების მეორე მხარეს. ბუნდოვანი და ფართო დისკრეციის შემცველი ფორმულირებები ქმნის არაკეთილსინდისიერი გამოყენების რეალურ რისკს და სწორედ ამიტომ საჭიროებს განსაკუთრებულ სამართლებრივ კონტროლს.
სასამართლო პრაქტიკა ადასტურებს, რომ აღნიშნულ საკითხზე არაერთ შემთხვევაში სასამართლომ პრიორიტეტი მიანიჭა კანონის უზენაესობის, სამართლებრივი განსაზღვრულობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის პრინციპებს. სწორედ ასეთი მიდგომის შედეგად შესაძლებელი გახდა იმ კლიენტების უფლებების ეფექტიანი დაცვა, რომელთა მიმართაც კომერციული ბანკების მხრიდან მიღებული გადაწყვეტილებები არ შეესაბამებოდა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია იმ მოსამართლეთა პროფესიონალიზმი და პრინციპულობა, რომლებმაც მსგავს საქმეებზე კანონის უზენაესობის პრინციპით იხელმძღვანელეს და ხელი შეუწყვეს სამართლიანი სასამართლო პრაქტიკის ფორმირებას, მათ შორის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეების — ქალბატონ თამარ ლაკერბაიასა და ქალბატონ ელისო ტუკვაძის.
იურისტი ირაკლი ღლონტი







