ჩვენ, ყველანი, პოტენციური პაციენტები ვართ და ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველას გამოგვიცდია რას ნიშნავს როდესაც სამედიცინო დახმარება ერთადერთი იმედი ხდება და ამას თან ახლავს უმწეობის და დაუცველობის შეგრძნება. კლინიკიდან იმ იმედით გამოვდივართ რომ ყველაფერმა ჩაიარა, თუმცა ხშირად ხდება, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება ან სასურველი შედეგის ნაცვლად ახალი გართულებები იჩენს თავს. პირველი კითხვა, რომელიც ბუნებრივად გვიჩნდება: „ეს ორგანიზმის ინდივიდუალური რეაქციაა თუ ექიმის შეცდომა?“
სამედიცინო სფერო ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსურია, ამას ხშირ შემთხვევაში ემატება ინფორმაციის სიმწირე და რთული და გაურკვეველი ტერმინებით მოსაუბრე სამედიცინო პერსონალი, რის გამოც პაციენტებს ხშირად უჭირთ საკუთარი უფლებებისა და საზღვრების გარკვევა. სად არის რეალურად ზღვარი რისკსა და საექიმო შეცდომას შორის?
იმისათვის რომ გავარკვიოთ ეს მართლა საექიმო შეცდომაა თუ ორგანიზმის რეაქცია აუცილებელია ვიცოდეთ საერთოდ რა არის საექიმო შეცდომა და რა წინაპირობები უნდა არსებობდეს იმისათვის რომ შემთხვევა დაკვალიფიცირდეს შეცდომად.
საქართველოს კანონი „საექიმო საქმიანობის შესახებ“ გვეუბნება, რომ საექიმო შეცდომა არის ექიმის მცდარი ქმედება ან მოქმედებისგან თავის შეკავება, რაც გამოწვეულია არასაკმარისი კვალიფიკაციით ან/და პროფესიული მოვალეობის არაჯეროვანი შესრულებით და გახდა პაციენტის ჯანმრთელობის დაზიანების ან სიკვდილის მიზეზი.
ასევე ბლექის იურიდიული ლექსიკონის (Black's Law Dictionary) მიხედვით, სამედიცინო გადაცდომა განმარტებულია როგორც: „ექიმის ან ჯანდაცვის სპეციალისტის მიერ იმ პროფესიული ზრუნვისა და ოსტატობის სტანდარტის გამოუვლენლობა/დარღვევა, რომელსაც იმავე სპეციალობის გონიერი და კვალიფიციური ექიმი გამოიყენებდა ანალოგიურ გარემოებებში.“
რადგან უკვე გავარკვიეთ რა შეიძლება იყოს სამედიცინო გადაცდომა, ახლა ვისაუბროთ იმ წინაპირობებზე, რომელთა არსებობაც აუცილებელია იმისთვის რომ შემთხვევა მოხვდეს საექიმო შეცდომის განმარტების ქვეშ.
ნორმალური რისკი და გვერდითი მოვლენა vs. საექიმო შეცდომა
ნებისმიერ სამედიცინო ჩარევას იქნება ეს ოპერაცია, მედიკამენტური მკურნალობა თუ დიაგნოსტიკა თან ახლავს გარკვეული რისკები და ეს ყოველივე წინასწარ არის გათვალისწინებული როგორც სამედიცინო, ასევე ფარმაცევტული რეგულაციებით. სწორედ ამიტომ არის, რომ მედიკამენტების ინსტრუქციაშიც ყოველთვის შეგვიძლია ამოვიკითხოთ ინფორმაცია გვერდითი ეფექტების შესახებ. ამას მედიცინაში მოსალოდნელი რისკი ეწოდება და მასში იგულისხმება ისეთი გართულება ან გვერდითი ეფექტი, რომლის შესახებაც პაციენტი წინასწარ იყო ინფორმირებული და რომელიც ზოგჯერ სამედიცინო პროტოკოლის დაცვის მიუხედავად დგება. ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა თუ რისკები არსებობს და ამის შესახებ წინასწა ვიცით მაშინ რა შეიძლება იყოს საექიმო შეცდომა? საექიმო შეცდომა (ან გულგრილობა): სახეზეა მაშინ, როდესაც სამედიცინო პერსონალმა დაარღვია დადგენილი პროფესიული სტანდარტი. მაგალითად: არასწორი დიაგნოზი, დაგვიანებული ჩარევა, არასწორი მედიკამენტი ან დოზირება, ან ჰიგიენური ნორმების უგულებელყოფა, მაგრამ რა თქმა უნდა ეს ყოველივე უნდა დაადგინოს შესაბამისმა კვალიფიციურმა და უფლებამოსილმა ორგანომ და/ ან სასამართლომ.
რა უნდა იცოდეს პაციენტმა იმისათვის რომ დაიცვას საკუთარი უფლებები
საქართველოს კანონმდებლობით, პაციენტს აქვს მკაფიოდ განსაზღვრული უფლებები, რომელთა ცოდნაც ნებისმიერ ეტაპზე იცავს მის ინტერესებს:
სრული და სანდო ინფორმაციის მიღების უფლება: პაციენტს უფლება აქვს, წინასწარ იცოდეს მკურნალობის მოსალოდნელი შედეგები, რისკები და ალტერნატივები. თუ სამედიცინო მომსახურების მიღებამდე გაქვთ კითხვები თქვენს ექიმთან და არ გაქვთ პასუხები თქვენ არ ხართ ინფორმირებული პაციენტი და გადაწყვეტილებას იღებთ ემოციებზე დაყრდნობით და არა გათვიცნობიერებულად.
ინფორმირებული თანხმობა: არცერთ სამედიცინო ჩარევას არ აქვს უფლება ადგილი ჰქონდეს პაციენტის წერილობითი ან ინფორმირებული თანხმობის გარეშე (გადაუდებელი სიტუაციების გარდა).
სამედიცინო დოკუმენტაციაზე წვდომა: პაციენტს ნებისმიერ დროს აქვს უფლება, მოითხოვოს და მიიღოს თავისი სრული სამედიცინო ისტორია, ლაბორატორიული კვლევების პასუხები და სხვა დოკუმენტები.
თუ მკურნალობის შემდეგ თქვენი მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, ან გაჩნდა ახალი სიმპტომები და გაქვთ ეჭვი, რომ რაღაც კანონდარღვევით წარიმართა, არასდროს გადადოთ უფლებების დაცვა მომავლისთვის, აუცილებლად შეინახეთ ყველა სამედიცინო დოკუმენტი, მიმართეთ სხვა პროფეციონალსაც და მოისმინეთ ალტერნატიული აზრი თქვენი მდგომარეობის შესახებ.
სამედიცინო დავები და უფლებების დაცვა ხშირად რთულ, დეტალურ ანალიზს მოითხოვს, თუმცა ინფორმირებულობა არის პირველი და ყველაზე მყარი ნაბიჯი საკუთარი ჯანმრთელობისა და ინტერესების დასაცავად.




